ბრიუსელის და პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილები საფრანგეთში ფეხბურთის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე თავდასხმას გეგმავდნენ – ამის შესახებ CNN ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
როგორც ბელგიის პროკურატურა ამბობს, როცა ტერორისტებმა აღმოაჩინეს, რომ ნოემბრის თავდასხმების შემდეგ საფრანგეთის გამომძიებლები სწრაფი ტემპით მიდიოდნენ, მათ თავინთი გეგმები შეცვალეს.
როგორც CNN იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ გამომძიებლებს ტერორიზმში ეჭვმიტანილმა მუჰამედ აბრინიმ უთხრა. ამჟამად გამომძიებლები მისი ნათქვამის ჭეშმარიტების დადგენაზე მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტში მონაწილე იბრაჰიმ და ხალიდ ებაკრაუიების კომპიუტერში 16-წუთიანი აუდიო ფაილი აღმოაჩინეს, სადაც ტერაქტში მონაწილე ერთ-ერთი პირი სამომავლო თავდასხმებზე საუბრობს. მისი თქმით, მათი განხორციელება საფრანგეთსა და ბელგიაში იგეგმებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი მოჰამედ აბრინი ახლახანს დააკავეს. მამაკაცი თეთრ ქურთუკში, რომელიც ორ ეჭვმიტანილთან ერთად ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, სწორედ მოჰამედია.
ცნობისთვის, ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი აფეთქდა. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“.