გახარიას წინააღმდეგ საბაბის ძებნა დაიწყეს, რომ ბრალი წაუყენონ და ის პოლიტიკური ველიდან ჩამოიცილონ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ “გახარია-საქართველოსთვის” მანდატების შეწყვეტის შესახებ “მეტრონომთან” ისაუბრა.
ნიკა ჩიტაძის თქმით, “ქართული ოცნების” მიზანი ყველა ოპოზიციურ პარტიაზე შეტევა და ლიდერების დაპატიმრებაა.
“გადაწყდა გახარიას წინააღმდეგ ბრძოლა და აქედან გამომდინარე, გახარიას პარტიის 12 წევრს უფლებამოსილება შეუწყდა.
თავის დროზე, გახარიამ აირჩია ისეთი გზა, რომელიც თითქოს მისაღები იყო “ქართული ოცნებისთვის”. ვგულისხმობ, რომ გახარია ერთნაირად აკრიტიკებდა როგორც “ქართულ ოცნებას” ასევე ოპოზიციას და უფრო მეტად “ნაციონალურ მოძრაობას”. მისი განცხადებებით, რომ ის ორივე მხარეს ემიჯნებოდა, თითქოს ცალკე ადგილი, თავისი ნიშა დაიკავა. ეს “ოცნებას” გარკვეულწილად აწყობდა და თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ გახარია სხდომებს არ ესწრებოდა.
ახლა რა სიტუაციაც გვაქვს არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა გახარიაზე შურისძიება. მიუხედვად იმისა, რომ ის ერთხელ უკვე გამოცცხადაა საგამოძიებო კომისიაზე, მალევე საგამოძიებო კომისიამ წამოიწყო ჩორჩანას ინციდენზე საუბარი. ამ თემით გახარიას წინააღმდეგ საბაბის ძებნა დაიწყეს, რომ ბრალი წაუყენონ და ის პოლიტიკური ველიდან ჩამოიცილონ.
“ქართული ოცნების” მიზანია ყველა ოპოზიციურ პარტიაზე შეტევა და ლიდერების დაპატიმრება, რადგან ეს იქნება დარტყმა ყველა ოპოზიციურ პარტიაზე”. – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

