ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS News ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანში მყოფმა წყარომ შეატყობინა, რომ აქტივისტების ჯგუფები პროტესტებიდან დაღუპულთა სრული სიების შედგენას ცდილობენ, ხოლო სამედიცინო წარმომადგენლების ანგარიშებზე დაყრდნობით, დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 12-დან 20 ათასამდეა.
ირანში მიმდინარე მასშტაბური პროტესტი უკვე მე-17 დღეა გრძელდება და მისი სიმწვავე უპრეცედენტოა. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი მასშტაბისა და სისხლიანი დაპირისპირება აიათოლა ხამეინის წინააღმდეგ აქამდე არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანში ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, ხოლო დაკავებულებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ, პროტესტი არ წყდება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ ქუჩებიდან არ წავლენ, სანამ ხამეინის 47-წლიანი მმართველობა არ დასრულდება.

