ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჯერ კიდევ მორალურ და ისტორიულ ჭეშმარიტებებთან ბევრს პრობლემა აქვს“-პოლიტიკოსები NDI-ის კვლევებზე

„NDI -ის უნდობლობის შლეიფი მოყვება“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა გია ვოლსკიმ NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყებულ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა. მისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ სერგო რატიანს, რომელიც „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ კვლევა ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას ასახავს.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-ს საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს დღეს გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს, მის  ტენდენციებს მაინც ყველა იზიარებს.

NDI –ის გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა. სანამ პოლიტოლოგთა და პოლიტიკოსთა შეფასებებს შემოგთავააზებთ, კვლევის  მნიშვნელოვან შედეგებს გაგაცნობთ:

კვლევის მიხედვით სამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილები, იმფლაცია და სიღარიბე დასახელდა. პროცენტები ასე გადანაწილდა: სამუშაო ადგილები 57%; ფასების ზრდა/ინფლაცია 35%;  სიღარიბე – 30%; პენსიები 26%; ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეების რიცხვი შემცირდა. თუ წინა წელს მაჩვენებელი 31% იყო, წელს ის 20%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.  თუ წინა წელს ევროპული ინტეგრაცია მისაღები 60%-ისთვის იყო, წელს 77%- ისთვისაა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა – 72% საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს. აღნიშნულს არ ეთანხმება 18%. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს 2015 წლის 25 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები 2016 წლის შუა პერიოდიდან უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. აღნიშნულს მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 8%.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის წევრობას მხარს რესპონდენტთა 69 % უჭერს, 19% კი წინააღმდეგია. კვლევების თანახმად, ასევე გაირკვა, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი დასახელდა. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი – 47%; ”ისლამური სახელმწიფო”- 8%; აშშ – 7%, თურქეთი – 5%; ნატო – 2%; სომხეთი – 1%, ევროკავშირი – 1%; ევრაზიული კავშირი – 1%.

NDI-ს კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. რესპონდენტთა 20%-მა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-მა კი განაცხადა, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

გამოკითხულთა უმრავლესობა(40%) მიიჩნევს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. ამასთან, გამოკითხულთა 53 % -ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59 %-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.

პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 20%, რომელიც ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს, ერთი შეხედვით არც ისე შემაშფოთებელია, თუმცა თუ კონტექსტში ჩავსვამთ და ვიკითხავთ იმას, თუ რანაირ ქვეყანაშია ეს მაჩვენებელი, მაშინ ვითარება უფრო ცუდია.

„ეს არის ქვეყანაში, სადაც 3 საუკუნეზე მეტია რუსეთი მტრობს, ყველა სახის ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, საქართველოში გაცილებით დაბალი უნდა იყოს ნებისმიერი სახის პრორუსული აზრის მაჩვენებელი. მე მგონია, რომ ბოლო წლის განმავლობაში შედარებით მეტი კეთდებოდა ქვეყანაში იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს დაენახა და გაეგო რატომ არის კარგი დასავლეთი და არა რუსეთი. ამას პრაქტიკული ახნსაც აქვს. ჩვენ ზუსტად ბოლო წლის განმავლობაში რეალური ნაბიჯი გადავდგით დასავლური სივრცისკენ რაც უკვე ხილვადი, შეხებადი და რეალური ასპექტი აქვს იმ გაგებით, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ რომ ჩვენს მისწრაფებას პრაქტიკული პოტენციალიც აქვს. კერძოდ ის, რომ ჩვენ უკვე ძალიან მალე ვივლით უვიზოდ ევროპული კავშირის მასშტაბით“- აღნიშნა „მეტრონომთან“ გირგოლ გეგელიამ.

მისი თქმით, ამ 20%-ის გარდა არსებობს კიდევ 19% – იმ გამოკითხულთა რიცხვი, რომლებიც პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.

„ეს მაჩვენებლი გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ მორალურ და ისტორიულ ჭეშმარიტებებთან ბევრს პრობლემა აქვს. ზუსტად ეს 19%-ია ყველაზე მეტად დასაფიქრებელი. ზუსტად ეს მიგვითითებს, რომ ძალიან ბევრი სამუშაოების დასაწყები, რომ ამ 19%-ში ვინც შედის, მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ რა არის კარგი და საუკეთესო საქართველოს მომავლისთვის, რაც ჩემთვის ბუნებრივია, დასავრული სივრცეა“- აღნიშნა გეგელიამ.

პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია კი „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ წინა წლის აგვისტოში საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას 50% უჭერდა მხარს, ამ წლის მარტის თვეში კი 60%, ანუ 10%-ით გაიზარდა ერთი და 10%-ით შემცირდა მეორე.

„ეს ნიშნავს, რომ ვინც რუსეთს უჭერდა მხარს, მათმა ნაწილმა აზრი შეიცვალა. ამის მთავარი მიზეზი ალბათ ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღებაა. თუმცა ამ შედეგებს რომ დავაკვირდეთ, ვნახვათ, რომ რაღაც, რისი განხორციელების შანსიც უფრო ახლოსაა, ვთქვათ, ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ეგონათ რომ იყო თავის დროზე, იმის პროცენტები იზრდება ხოლმე. ხედავენ, რომ რაღაც, რაც უნდათ, იმის შანსი იზრდება. ამ შემთხვევაში, რადგანაც აქ სავიზო ლირებალიზაცია მოხდა, ალბათ სავარაუდოდ ამ ნაწილმა ჩათვალა, რომ ევროკავშირთან უფრო ახლოს ვართ, თან ეს ვიზალიბერალიზაცია მოეწონათ. ეს ჩემი ინტერპრეტაციაა და მგონია რომ ასე“- აღნიშნა „მეტრონომთან“ ცხადაიამ.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა სამეულს, სადაც ტერიტორიული მთლიანობა მეხუთე ადგილას მოხვდა, ცხადაია ამბობს, რომ თუ დავაკვირდებით, პირველ ოთხეულში ყოველთვის არის ეკონომიკური თემები, უბრალოდ სხვადასხვა ფორმითაა ფორმულირებული.

„ასე ვთქვათ, ეკონომიკურ ორეულს (სამუშო ადგილები, სიღარიბე) დაემატა ინფლაცია. ისიც ეკონომიკური პრობლემაა და ასევე შეიძლება იმ ორთან კავშირში აღვიქვათ, უბრალოდ, აქამდე ასე გამოკვეთილი არ იყო. იმიტომ, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ასე გაზრდილი არ იყო, როგორც ახლაა. რადგანაც დროებით  ასე მოხდა, რომ გაიზარდა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, ინფლაცია, როგორც ეკონომიკური საკითხი წინ წავიდა,  მაგრამ ეს უნდა აღვიქვათ ამ სიღარიბესთან და სამუშაო ადგილებთან კავშირში. შესაბამისად, ჩვენ თუ ამას დავყოფთ, როგორც ეკონომიკური საკითხები და არაეკონომიკური საკითხები, სურათი იგივე რჩება. კი არ გადაფასდა ტერიტორიული მთიანობა, არამედ დროებით შემოვიდა ინფლაცია, როგორც კიდევ ერთი ეკონომიკური უბედურება. ეს არაფერს ნიშნავს.“- აღნიშნა ცხადაიამ.

რაც შეეხება კვლევის იმ შედეგებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია და ამას 61% ამჟამინდელ მთავრობას აბრალებს, 59% კი – წინას, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ რთულია ამის გათვალისწინებით საზოგადოებაში წინასაარჩევნო პროგნოზი განსაზღვრო.

„ერთია ის განწყობა, რაც საზოგადოებაშია. მეორე კი პოლიტიკური სივრცე. შეიძლება, განწყობების მიხედვით ჩათვალო, რომ ერთ რაიმე პოლიტიკურ არჩევანს გააკეთებს ხალხი, მაგრამ შემდეგ უკვე დამატებითი ფაქტორები შემოდის, ვთქვათ, როგორია პოლიტიკური პარტიები, როგორია მათი ისტორია, ლიდერები როგორები არიან, სახეები როგორი ყავთ ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ცვლადი შემოდის შემდეგ, როცა პოლიტიკას შეხედავ. ამიტომ, ასე ზუსტად თქმა ძალიან ძნელია,სანამ არ გამოქვეყნდება შედეგები, მანამდე ეს იქნება წმინდა წყლის სპეკულაცია, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი, რომ ამ მთავრობით უკმაყოფილოები არიან, უკვე  ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. შედეგები ცხადყოფს, რომ საზოგადოება ამ მთავრობით უკმაყოფილოა“- აღნიშნა გიორგი ცხადაიამ.

„მეტრონომთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანიც აღნიშნავს, რომ კვლევა ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას ასახავს და ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.

„ხალხი ცალსახად ხედავს რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ვერ ხედავს იმას, რომ ხელისუფლება რამეს შეცვლის. როგორც წესი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მყისიერად არ აისახება ხოლმე, მაგრამ ის, რომ ახლა ასეთი ვითარებაა ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად მდგომარეობა კატასტროფულია“- განაცხადა „მეტრონომთან“ რატიანმა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა სამეულში ყოველთვის იყო ხომე ტერიტორიული მთლიანობა, ახლა  ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ამან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი კი „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები სწორად ასახავს იმ რეალობას, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროინტეგრაციის და ნატოში შესვლის მომხრეა.

„მთავარი ამ კვლევაში ვიზალიბერალიზაციის ამბავია. იმიტომ, რომ რეალური როცა გახდა ევროპაში უვიზოდ სიარული ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ევროინტეგრაციაზე. რადგან რეალური გახდა, აქედან გამომდინარე უფრო მიმზიდველიცაა“- განაცხადა „მეტრონომთან“ ზურაბიშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი NDI-ის კვლევებში რაიმე განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ ხედავს.

„ჩვენ ძალიან აქტიური შეხვედრები გვაქვს საზოგადოებასთან და ნამდვილად ვიცით, რომ მოსახლეობისთვის პირველი პრობლემა არის სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა და მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართულია ამ პრობლემების დაძლევისკენ. ეს პოლიტიკა გაგრძელდება. ყოველგვარი NDI-ის თუ სხვა რომელიმე სოციოლოგიური კვლევის გარეშე, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაჯანსაღებას და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის სოციალური პრობელმების გადაწყვეტას. ეს თემა ახალი არ არის. ასე რომ, რაიმე განსაკუთრებულ აღმოჩენას მე ამ კვლევებში ვერ ვხედავ”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლკსი კი ამბობს, რომ NDI -ის უნდობლობის შლეიფი მოყვება.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....