ჰელსინკში მიმდინარე ALDE-ს ყრილობა „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაპატიმრებული ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილით გაიხსნა.
ჯაფარიძე ევროკავშირს მტკიცე და მკაფიო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„მე მინდა ეს სესია დავიწყო წერილით, რომელიც საქართველოს ციხიდან გამოგვიგზავნა ზურაბ ჯაფარიძემ. ის ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერია.
ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი.
მაგრამ მარტო არ ვარ. 60-ზე მეტი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ლიდერი იმყოფება ციხეში მტკიცებულებებისა და კანონიერი სასამართლოს გარეშე — მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენს ევროპულ არჩევანს. მათ შორის არიან ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე — ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლები.
ქართული ოცნების რეჟიმმა რუსული ტიპის კანონებით სასტიკი შეტევა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და აკადემიურ თავისუფლებაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა რეპრესიების იარაღად. პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, ჟურნალისტებს თავს ესხმიან და აპატიმრებენ, კრიტიკოსებს უვრცელებენ ცილისმწამებლურ კამპანიებს, ხოლო სიტყვის თავისუფლება მწვავედ იზღუდება. და მაინც, ქართველი ხალხი არ ნებდება. უკვე 212 დღეა, მოქალაქეები ყოველდღიურად მშვიდობიანად აპროტესტებენ ამ რეჟიმს, მიუხედავად ძალადობისა, დაკავებებისა და ადმინისტრაციული დევნისა. არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია გახდნენ რეპრესიული კანონების სამიზნე — მათ მტრებად აცხადებენ და ფინანსურ გზებს უკეტავენ. პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად აჯარიმებენ იმის გამო, რომ იმყოფებიან ქვეყნის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ბევრი მათგან დააკავეს და სასამართლო დევნა დაიწყეს საჯარო განცხადებებისა და სოციალურ ქსელებში გამოხატული მათი პროტესტის გამო.
ამ დევნის მიზანია წინააღმდეგობის გატეხვა — მაგრამ დევნამ მხოლოდ გაგვაძლიერა .
ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლა არ არის. ეს ბრძოლა რუსთაველის გამზირზე განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის მომავალსაც. ეს განსაზღვრავს შავი ზღვის უსაფრთხოებას, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირების მომავალს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.
ამიტომ გვჭირდება ერთობლივი ბრძოლა. გვჭირდება ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე მოქმედება: ქართულ ოცნების რეჟიმის მიმართ მკაფიო პოლიტიკა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები. ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს ცარიელი დიალოგი. მისი გადაჭრა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლებით არის შესაძლებელი”, – აღნიშნულია წერილში.

