ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

სასამართლოს გადაწყვეტილებით “სოკარს” 14 მილიონის გადახდა მოუწევს

“სოკარმა” კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო დავა წააგო.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“-ს სარჩელი და ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ დაეკისრა 14 381 385 ლარის ოდენობის ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) დარღვევისათვის”.-წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა “სოკარი”  სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელის ბექა კემულარია “კომერსანტთან” საუბარში  აცხადებს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ კონკურენციის სააგენტოს არგუმენტები დასაბუთებულია და მათი გაქარწყლება „სოკარის“ მიერ დაქირავებულმა იურისტებმაც ვერ შეძლეს, რომლებსაც კომპანიამ სოლიდური თანხა გადაუხადა.

„სოკარს ამ საქმეში ადვოკატად მიწვეული ჰყავდა ინგლისის დედოფლის მრჩეველი. მაგრამ სააგენტოს არგუმენტები იმდენად მყარი იყო, რომ დახარჯულმა მილიონებმა ვითარება ვერ შეცვალა,“ – აცხადებს კემულარია.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბაზარზე ფასების მხრივ ცვლილებებია მოსალოდნელი კლების მიმართულებით, რადგან, კანონმდებლობის თანახმად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სწორედ სააგენტოა, რომელსაც აქვს უფლება, შეთანხმებული ფასების გაგრძელების შემთხვევაში, კომპანია ბრუნვის 10%–ით დააჯარიმოს.

შეგახსენებთ,  კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა გასული წლის ზაფხულში დაასრულა. სააგენტოს დასკვნით კომპანიებს ჯამში 55 მილიონის ჯარიმა დაეკისრათ.

იტვირთბა....