ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გავრილოვის ღამიდან“ 6 წელი გავიდა – 2019 წლის 20 ივნისის ქრონიკა

2019 წლის 20 ივნისს საზოგადოების ნაწილმა „გავრილოვის ღამე“ უწოდა.

თუმცა 20-მდე იყო 19 ივნისი – თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გახსნის დღე.

ავლაბრის რეზიდენციაში საზეიმო მიღების შემდეგ, 20 ივნისს, ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა რუსულ ენაზე წაიყვანა.

საკანონმდებლო ორგანოში მაშინდელი ოპოზიციის და შემდეგ, საზოგადოების ნაწილის დიდი მღელვარება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

ოპოზიციამ საპარლამენტო ტრიბუნა დაიკავა და ამდენად, ზემოაღნიშნული სხდომა შეწყდა.

ასამბლეა გადავიდა სასტუმრო „რედისონში“, საიდანაც გავრილოვი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თანმხლებით გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

მასშტაბური აქცია კი საღამოს, დაახლოებით 19:00 სთ-დან, რუსთაველის გამზირზე დაიწყო.

პარლამენტთან მობიზილებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი.

დაახლოებით 21:00 სთ-ზე ენმ-ის მაშნდელმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა.

„ერთი საათის განმავლობაში, თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში და აი, რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ“, – თქვა მან.

გარკვეული დროის შემდეგ, სპეც. რაზმსა (რომელიც პარლამენტის ჭიშკრის წინ იდგა) და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მიიღეს შეთავაზება, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და მოლაპარაკებები დაწყებულიყო.
ლიდერებმა იქვე მდგომ ხალხს ჰკითხეს აზრი, მათგან თანხმობის მიღების შემდეგ კი გახარიას შეხვედრაზე დათანხმდნენ, თუმცა ის არ შედგა.

ამის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზის ტყვიები ისროლა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით. აქციის მონაწილეები იფანტებოდნენ, შემდეგ კი ისევ პარლამენტის წინ ბრუნდებოდნენ.

არსებული ცნობებით, იმ ღამით დააკავეს აქციის 300-ზე მეტი მონაწილე, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი; დაშავდა 38 ჟურნალისტი; დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი; რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა და კობა ლეთოდიანმა, ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალი დაკარგეს.

„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გვიან ღამით მშვიდობიანი აქცია პარლამენტზე შტურმად გადაიქცა.

21 ივნისს ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერის, ნიკა მელიასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.

2021 წლის 7 სექტემბერს, 20 ივნისის საქმეზე, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელთაც დანაშაული 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა და ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებიათ.
პირი, ვის მიმართაც ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

ამნისტიის კანონპროექტი „შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში მომზადდა.

იტვირთბა....