ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩორჩანას საგუშაგოს საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ვაჟა ლომიძე და მანანა შეყელაშვილი დაიბარეს

წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი ვაჟა ლომიძე და სოფელ წაღვლის მკვიდრი მანანა შეყელაშვილი სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე 19 ივნისს დაიბარეს.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაჟა ლომიძე და მანანა შეყელაშვილი უწყებაში 12:00 საათზე მივლენ.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაუსვეს.

“ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

„ყველამ ყველაფერი იცოდა, დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო,” – თქვა “ქართული ოცნების” საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა, ვახტან გომელაური, ალეკო ტაბატაძე, კახი კახიშვილი, ალექსანდრე ლომიძე და მაია ცქიტიშვილი.

იტვირთბა....