EU-ის წევრთა უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
“შეიძლება ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო — ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისთვის და კანონმდებლობისთვის, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა.
ამ ეტაპზე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში“, — თქვა ჰერჩინსკიმ.
მისივე განცხადებით, თითქმის ერთი წელია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ ვითარდება.
“ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო სარგებლობს პრივილეგირებული ურთიერთობით ევროპის კავშირთან. მაგრამ ბოლო პერიოდში, თითქმის ერთი წელია, სამწუხაროდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ ვითარდება. მე გულწრფელად ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ ახლა ეს ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა და უკვე რამდენიმე თვეა, ვფიქრობთ, როგორც ევროკავშირმა, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და კანონმდებლობას, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს და რაც ქვეყანას აშორებს ევროკავშირისგან. კითხვაც სწორედ ეს არის — ამ გამორჩეულ ურთიერთობას, რომლითაც საქართველო დღემდე სარგებლობდა, გააჩნია თუ არა კვლავ საფუძველი?“ – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

