ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი დუბაიში საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმის პლენალურ სესია – „Global Leaders Debate“-ზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს. მისი განმარტებით, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის მიმზიდველობა.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80-პროცენტიანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი. ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, უწყვეტი რეფორმები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს ორი წლის წინ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ასე რომ, ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ხელსაყრელია ინვესტირება საქართველოში. მნიშვნელოვანია საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი მაღალი შედეგები სხვადასხვა ბიზნესრეიტინგში, ჩვენი დაბალი გადასახადები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, გადასახადების სიმსუბუქის კუთხით ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა იწყებს ახალ რეფორმებს, რომლის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა, ეფექტიანი მმართველობა, განათლების სისტემის რეფორმირება და ინფრასტრუქტურული და რეგიონული განვითარებაა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ინვესტორთა საბჭოს შესახებ და განაცხადა, რომ ბიზნესსაზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა საქართველოში ტრადიციად იქცა.

“სულ ახლახანს ჩვენ დავაარსეთ ინვესტორთა საბჭო, რომელიც თავს უყრის ყველა მსხვილ ინვესტორსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსხვილი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს,” – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....