“რუსებმა ღამით თითქმის 300 დრონი და 70 რაკეტა გაუშვეს… ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე საჭირო ზეწოლით ” – უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება
“რუსებმა გუშინ ღამით 300-მდე დრონი გაუშვეს, რომელთა უმეტესობა „შაჰედები“ იყო. კიდევ 70-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სამიზნეები იყო ქალაქი კიევი და კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, ჩერნიგოვის, სუმის, ოდესას, პოლტავას, დნეპროვსკის, ნიკოლაევის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი ტერორისტული თავდასხმა საკმარისი საფუძველია ახალი სანქციების დაწესებისთვის.
“რუსეთი ამ ომს ახანგრძლივებს და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანების დახოცვას. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამერიკის დუმილი, მსოფლიოში სხვების დუმილი მხოლოდ პუტინს ამხნევებს. რუსეთის ხელმძღვანელობაზე ნამდვილად ძლიერი ზეწოლის გარეშე, ეს სისასტიკე ვერ შეჩერდება. სანქციებს ნამდვილად შეუძლია დახმარების გაწევა. ახლა მთავარია მტკიცე გადაწყვეტილება – შეერთებული შტატების მტკიცე გადაწყვეტილება, ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილება, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანის მტკიცე გადაწყვეტილება, ვისაც მშვიდობა სურს. მსოფლიომ იცის რუსეთის ეკონომიკის ყველა სისუსტე. ომის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე საჭირო ზეწოლით. პუტინი უნდა აიძულონ, რომ არა რაკეტების გაშვებაზე, არამედ ომის დასრულებაზე იფიქროს“ – განაცხადა ზელენსკიმ.

