„ნაციონალური მოძრაობის” განახლებულ საარჩევნო სიაში სხვებთან ერთად გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება“- ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, პარტიის განახლებულ საარჩევნო სიაში ზაზა ბიბილაშვილის, ოთარ კახიძის, გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშის, ასევე ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები განიხილება.
„მათთან მოლაპარაკებას პირადად არ ვაწარმოებ, თუმცა პარტია დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს. გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რეგიონში იქნება, მთავარია, ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაერთოს. ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეძლებენ და ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყვებიან”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, გიორგი ქადაგიძის სიაში ყოფნა ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. მისი თქმით, „ქოცმაც“ კი იცის, რომ რასაც მას აბრალებდნენ, სრული აბსურდი იყო“.
„მთავრობის წევრებმაც კი აღიარეს, რომ ქადაგიძის გარეშე, ქვეყანა ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. საერთოდ, „ქართული ოცნების“ მართვის სტილია, საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალოს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.