შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი, რომელშიც ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდნენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს.
სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.
სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.
მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

