უკრაინა განიცდის სასტიკ, გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან, რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.
ჰერჩინკის თქმით, რაც ამ გამოცდილებით ისწავლა საზოგადოებამ არის ის, რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ.
[…] “უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. როგორც ვიცით, საქართველოს 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ასე რომ, ეს არის ექსპერტების შეხვედრა და დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს წვლილს ამ შეხვედრაში, რომელიც ეხება რუსეთის იმპერიალისტურ მიდგომას ყველას მიმართ.
რაც ვისწავლეთ არის ის, რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ. რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომლის სამიზნეც მეზობელი ქვეყნებია. რუსეთის ქმედებები, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ – სასტიკი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი აგრესია, ასევე სხვა ჰიბრიდული ქმედებები მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, სათანადო პასუხს საჭიროებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ მტკიცე და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“, – განაცხადა ელჩმა.

