საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში არსებულ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ქვეყნის იზოლაცია ხან ევროკავშირს დააბრალოს, ხან კი აშშ-ს, თუმცა პასუხისმგებელი არავინაა “ქართული ოცნების” გარდა.
“6 თვეა, საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია […] ამ კრიზისზე პასუხისმგებელი მთლიანად ბიძინა ივანიშვილია და არა ჩვენი პარტნიორები – როცა ცდილობენ, თქვან, რომ თითქოს, ჩვენ იზოლაციაზე ხან ევროკავშირია პასუხისმგებელი, ხან კი აშშ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ ცუდ დღეში ვართ. პასუხისმგებელი არავინაა იმ ადამიანის გარდა, რომელიც, შეიძლება, რუსეთის ინსტრუქციებით, მაგრამ ერთპიროვნულად მართავს ამ ქვეყანას და საქართველო ჩიხსა და უფსკრულში მიჰყავს.
აქედან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ეს ყველა ქვეყანაში გამოცდილი ფორმაა, თუ როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან ისე, რომ ეს გამოსვლა მშვიდობიანი იყოს და ახალი დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რაც საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება.
დღეს საქართველოსთვის საჭიროა, რომ ახალი არჩევნები ძალიან სწრაფად დაინიშნოს, ამ მდგომარეობიდან სწორედ არჩევნებით გამოვიდეთ და ყველა ის საჭირო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს. ეს ქვეყანა დღეს გაყინულია,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

