ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მენეჯმენტის შემოთავაზებაზე უარს ვამბობთ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი – დღევანდელმა მენეჯმენტმა დახურა 12 წლიანი ისტორიის გადაცემა” – “რეალური სივრცის” სარედაქციო გუნდის განცხადება

გადაცემა “რეალური სივრცე” რომლის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაათავისუფლა, აღარ გაგრძელდება, – აღნიშნულის შესახებ “რეალური სივრცის” სარედაქციო ჯგუფმა ისაუბრა.
ჯგუფის თქმით, მას შემდეგ, რაც ნინო ზაუტაშვილი არხიდან გაუშვეს, საზმაუს მენეჯმენტმა მათ შეატყობინა, რომ თოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ამასთან ერთად, მენეჯმენტმა გადაწყვიტა დაშალოს გუნდი და ისინი სხვადასხვა პოზიციებზე გადაანაწილოს.

“30 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემა “რეალური სივრცის” გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება:
იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ნინო ზაუტაშვულთან ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება.”
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საზმაუს მენეჯმენტის სურვილია დაშალოს რეალური სივრცის გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე.
ჩვენ შემოგვთავაზეს მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

“რეალური სივრცის” ჯგუფის განცხადებით, გუნდი უარს ამბობს მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, შესაბამისად, უარი შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას ნიშნავს.

“[…] მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით.
ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.
დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12 წლიანი ისტორიის გადაცემა – რეალური სივრცე და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.
დასასრულს, მხნეობას და მედგრად ყოფნას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს და თანამოაზრეებს იმ გუნდიდან, რომელსაც ჰქვია საზმაუს მცველები, რომლებიც რჩებიან საზოგადოებრივ მაუწყებელში და აგრძელებენ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას საზმაუს იდეის დასაცავად.
ჩვენ ვრჩებით მათ გვერდით და გარედან არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოებამ ბოლოსდაბოლოს მიიღოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი…” – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....