ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება დროებით შეაჩერა.

აღნიშნული მედიის თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.

„კონგრესს დადგენილი აქვს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ხელი შეუწყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას“ და „ინფორმაციისა და იდეების ღია მიმოცვლა მსოფლიოს ხალხებს შორის ხელს უწყობს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“ (ამონარიდები აშშ-ის 1973 წელს მიღებული საერთაშორისო მაუწყებლობის აქტიდან). რადიო თავისუფლება ათწლეულებია ფუნქციონირებს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით განსაზღვრულ ამ პოლიტიკას ახორციელებს. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, – რაც, პრაქტიკულად, ახსნა-განმარტებას არ მოიცავს, – აიძულოს რადიო თავისუფლება, დახუროს, – მაშინაც კი, თუკი ეს მას ასე უთხრა პრეზიდენტმა“, – წერია კოლუმბიის ოლქის მოსამართლე როის ლამბერთი 25 მარტით დათარიღებულ განჩინებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე საათით ადრე ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირებაზე მხოლოდ კანონით და საწესდებო დებულებებით მოთხოვნილ დონემდე.

იტვირთბა....