ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საიას საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 20 მარტს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საიას განცხადებით, პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.
“საიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მივიღეთ დადასტურება, რომ საჩივარი რეგისტრირებულია. საქმე შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, რომელიც დაფიქსირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. […] გამოვიყენეთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა მექანიზმის სამართლებრივი დავის, შევიტანეთ არაერთი საჩივარი 73 ოლქის წინააღმდეგ და ისინი შეეხებოდა ტექნოლოგიურ უბნებზე ხმის ფარულობის დარღვევის გამო, შედეგების ბათილობის საკითხს. ეს საქმე ეროვნულ დონეზე არ დაკმაყოფილდა და წარმოგვეშვა უფლება, რომ ამ საკითხზე მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოზე და მოგვეთხოვა, ეს საკითხი განეხილა.” – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.