თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ შოთა ქარუმიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის ინფორმაციით, შოთა ქარუმიძეს შესრულებული სამუშაოსთვის 30 000 ლარი გადაუხადეს.
„დედაჩემი არის ცუდად, ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ, რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის“, – აღნიშნა ქარუმიძემ სასამართლოზე.
ცნობისთვის, 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილს მესამე – საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება წაუყენეს და სამივე საქმეზე – ე.წ. ბიტკოინების, მტკვარი ჰესისა და საზღვრის კვეთის – დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს.