ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

TV პირველის ოპერატორი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

TV პირველის დაკავებული ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

ლაშა ჯიოშვილი გუშინ პოლიციელებმა გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.

“ტვ პირველის” იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აღენიშნება.

“ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი! უფლებები არ გააცნეს. სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ. არ დაარეკვინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან. მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა. პ.ს. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ, რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები”, – წერს მიგინეიშვილი.

უწყების ინფორმაციით, ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....