საპარლამენტო მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა მქონდეს – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა “ტვ პირველის“ გადაცემა, “დღის ამბების“ ეთერში განაცხადა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ფინანსური დამოუკიდებლობა მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან “შემდგომი ბრძოლებისთვის ემზადება“.
“საპარლამენტო მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ მე პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის, რაც ჩვენ მოქალაქეებმა მოგვანიჭეს იმის ნაწილი მაინც, დაფინანსების სახით რომ მივიღოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები ბანკირებზე, ფინანსურ ჯგუფებზე, კონკრეტულ ტელევიზიებზე, რომლების უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან, არ ვგულისხმობ არავის. ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი. ამით შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეარგოს”, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს ყოფილი პრემიერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მას ოპოზიციიდან ზოგი ადამიანი არ მოსწონს, როდესაც საკითხი ეროვნულ გამოწვევებს ეხება, მაინც ერთად მოუწევთ ყოფნა.
ზოგიერთი ადამიანია მე და ჩემს ამომრჩევლებს არ მოგვწონს, მაგრამ მაშინ როცა საკითხი ეხება საერთო ეროვნულ გამოწვევებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ვართ და მე არ მაქვს ამ ერთობის პრობლემა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ეს ოთხი პარტია ელიტარული კლუბი კი არ არის, იქ სხვა პარტიებიც არიან.
მე ვიღაცებს არ ვენდობი, რადგან ძალიან კარგად მინახავს, ეს ვიღაცები როგორ კურკურებდნენ ბიძინა ივანიშვილთან, არ ვენდობი და რა არის აქ გაუგებარი, – განაცხადა მან.