aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

როგორ აქცია წულუკიანმა დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ნახალოვკის ქუჩის ფილიალად“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლომ იუსტიციის მინისტრის მიერ თანამშრომლების გათავისუფლება უკანონოდ სცნო

ორწლიანი სასამართლო დავის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომლები, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე 2014 წლის იანვარში სამსახურიდან უკანონოდ, დისკრიმინაციის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

2013 წლის ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი დავით მაისურაძე. სუბელიანის თქმით, ეს ფაქტი მან და ახობაძემ გააპროტესტეს, მათ შორის Facebook პოსტების საშუალებითაც, რაც მათი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

“2014 წლის იანვარში გავთავისუფლდი სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძველზე, თუმცა, ამას წინ უძღოდა ის, რომ 2013 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს ჩვენი ცენტრის დირექტორი… ჩემი აზრით, აბსოლუტურად უკანონოდ. სამწუხაროდ, მან არ მოინდომა გასაჩივრება. მისი გათავისუფლება მთელი ცენტრისთვის იყო პროტესტის საფუძველი, თუმცა, ეს უფრო ღიად გამოვხატეთ მე და ერთმა თანამშრომელმა. პროტესტის ნიშნად ჩვენ “ფეისბუქის” პირად გვერდებზე პოსტები დავწერეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოსტები არ იყო ბოლომდე იდენტიფიცირებადი უცხო ადამიანებისთვის, მაგრამ ვინც ამ მოვლენებთან კავშირში იყო და ამ სისტემაში მუშაობდა ბუნებრივია, მიხვდებოდა ვის მიმართ და რატომ გვქონდა პროტესტი. ამ პოსტების შემდეგ წულუკიანმა დაგვიბარა სხვა თანამშრომლებთან ერთად იმისთვის, რომ დასწრებოდნენ ამ პროცესს. სამწუხაროდ, ამ დროს თბილისში არ ვიყავით და მან ჩვენი პოსტები თანამშრომლების წინაშე დეტალურად განიხილა. წულუკიანს ამობეჭდილი სახით პოსტები წინ ედო და კითხულობდა, განიხილავდა ლაიქებს, კომენტარებს და ძალიან შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოგვიხსენიებდა. მაგალითად, “წინა მთავრობის გადმონაშთები” – აცხადებს “მეტრონომთან” საუბარში ანა სუბელიანი.

-რატომ დაინტერესდა მინისტრი წულუკიანი თქვენი “ფეისბუქ პოსტებით”?

– სავარაუდოდ, ეს პოსტები მას რომელიღაც თანამშრომელმა მიაწოდა და შემდგომ  დაინტერესდა. არ მგონია თვითონ ენახა, რადგან მეგობრებშიც არ მყავს. ჩემი ინფორმაციით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ძირითადად თანამშრომელთა პოსტების მონიტორინგით იყო დაკავებული. ჩემი პოსტი გამოხატავდა მძიმე ემოციას, თუმცა, უცხო ადამიანი ვერ მიხვდებოდა ვისზე იყო საუბარი. მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისთვის იქნებოდა გასაგები, რადგან ეს პოსტი ხელმძღვანელის გათავისუფლებიდან მალევე დავწერეთ.

-სამსახურიდან გაშვების მიზეზი როგორ განგიმარტეს?

– „ჩვენს ლანძღვას და ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას მოყვა ის, რომ გენინსპექციის წარმომადგენელი იჯდა შეხვედრაზე და მას გადასცა წულუკიანმა ამობეჭდილი ჩვენი  პოსტები და რეაგირებისკენ მოუწოდა. ამ შეხვედრიდან თვენახევრის შემდეგ გამოგვიშვეს სამსახურიდან. ამ დროის განმავლობაში ახალი დირექტორისგან მცდელობები იყო, რომ თანამდებობიდან გავეშვით. დირექტორი სწორედ წულუკიანისგან იღებდა დირექტივებს. მათ სურდათ ჩვენით დაგვეწერა განცხადება წასვლის შესახებ. მიდიოდა გარიგებაც, გვეუბნებოდნენ, რომ გენინსპექცია აპირებდა ძალიან მძიმე დასკვნის დაწერას და თუ თქვენი ნებით წახვალთ, დასკვნას აღარ დავწერთო. ამაზე ჩვენ არ დავთანხმდით და თავიდანვე ვუთხარით, თქვენ დაწერეთ ჩვენი გათავისუფლების ბრძანებები, რადგან ჩვენ საკუთარი უფლებების დაცვას ვაპირებთ. მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მუშაობის შესაძლებლობას არ გვაძლევდენენ. ბოლოს კი რეორგანიზაციის საბაბით გამოგვიშვეს. ყოველგვარი სამართლებრიცი პროცედურების დარღვევით წარიმართა ეს პროცესი. ორ წელზე მეტია ეს პროცესი მიმდინარეობს და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაადასტურა, რომ ჩვენ უკანონოდ გათავისუფლებულები ვიყავით. სასამართლომ ბათილად ცნო ის ბრძანებულება, რომლის საფუძველზეც ჩვენ გავთავისუფლდით. ჩვენ ვაპირებთ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას, რათა სრულად დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები”.

სუბელიანის თქმით, სასამართლომ მისი და ახობაძის მოთხოვნები მთლიანად არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, ისინი ითხოვდნენ აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს. თუმცა, მოსამართლემ მათი მოთხოვნა მხოლოდ ოთხი თვის იძულებითი განაცდურის თაობაზე დააკმაყოფლა. სუბელიანი და ახობაძე გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

დანაშაულის პრევენციის ცენტის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძეა. აღსანიშნავია, რომ ხელაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ნაძალადევის შტაბის აქტივისტი იყო 2012 წელს. ანა სუბელიანის თქმით, ხელაძე და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი ცენტრში წულუკიანის მეშვეობით მოხვდნენ. მინისტრს იმდენად სურდა მისი საარჩევნო აქტივისტების დასაქმება, რომ გასაუბრება ფორმალურად ჩაატარა.

“მეტრონომი” შეეცადა ირაკლი ხელაძის ბიოგრაფიის მოძიებას, თუმცა დანაშაულის პრევენციის ვებ-გვერდზე მისი ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელაძე წულუკიანის შტაბის ერთ-ერთი აქტიური აქტივისტი იყო.

ანა სუბელიანი „მეტრონომთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არა მხოლოდ შესაბამისი გამოცდილება, არამედ განათლებაც არ ჰქონდათ. ბევრი მათგანი ფიზკულტურის სპეციალისტი იყო.

“ჩვენ გავთავისუფლდით სხვა ხელმძღვანელის პირობებში, ირაკლი ხელაძე მესამე დირექტორია უკვე დანაშაულის პრევენციის ცენტრის. ვინც ჩვენ გაგვათავისუფლა ეს ადამიანიც იყო წულუკიანის შტაბის ხელმძღვანელიც. ხელაძე ერთ-ერთი აქტივისტი იყო. ის და მისი სამი მეგობარი ჩემი ჯერ კიდევ ცენტრში მუშაობის პერიოდში წულუკიანის გადაწყვეტილებით დასაქმდნენ ცენტრში. რაც გახდა ჩემი პროტესტის საფუძველი. ამ ოთხი ადამიანის დასაქმება სურდათ უშუალოდ ჩემს პროგრამაში, რაზეც მე უარი განვაცხადე.

-მიზეზი რა იყო? ახალი კადრების აუცილებლობა არ არსებობდა თუ წულუკიანის შტაბის აქტივისტების დასაქმება არ გსურდათ?

– “არანაირად არ არსებობდა კადრების დამატების საჭიროება და ხელოვნურად მოხდა ამ ადამიანების დასაქმება. რომც ყოფილიყო საჭიროება მათ არ ჰქონდათ არანაირი კვალიფიკაცია და განათლება, რაც შეიძლება შესაბამისი ყოფილიყო ცენტრის საქმიანობასთან. მათ არანაირი უნარები არ ჰქონდათ ცენტრში თუნდაც ყველაზე დაბალი რგოლის თანამშრომლად მუშაობის. მე რამდენადაც მახსოვს, მათ ჰქონდათ ფიზკულტურის ინსტიტუტი დამთავრებული. უმრავლესობას გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ შტაბში იყვნენ აქტივისტები. ერთადერთი იყო, რომელსაც ერთ-ერთი სალონის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. მინისტრისგან იყო დირექტივები, პირდაპირ გამოგვიგზავნეს ამ ოთხი ადამიანის სივი და გვითხრეს ფორმალურად გაესაუბრეთო. მე უარი განვაცხადე მათ დასაქმება და შემდგომ ეს ადამიანების დაასაქმეს სხვა პროგრამაში ისევ დანაშაულის პრევენციის ცენტრში. “ფეიბუქში” შიდა ჯგუფი გვაქვს შექმნილი და იქ ეს ადამიანები პირდაპირ ემუქრებიან თანამშრომლებს შემდეგი სიტყვებით: “თავები უნდა დავუხეთქოთ ყველას ქალიან კაციანად” , ამის სქირნშოთები მაქვს. ეს ადამიანები არც არაფერს აკეთებდნენ და ბუნებრივია, ვერც ვერაფერს გააკეთებენ, რადაგან ნახალოვკის ქუჩის ფილიალად აქციეს დანაშაულის პრევენციის ცენტრი.” – აცხადებს სუბელიანი.

“მეტრონომი” დაუკავშირდა დანაშაულის პრევენციის ცენტრს. ჩვენ გვსურდა გავცნობოდით ცენტრის ხელმძღვანლის ირაკლი ხელაძის ბიოგრაფიას და მისგან მოგვესმინა პასუხები ანა სუბელიანის ბრალდებების საპასუხოდ.

ცენტრის პრესასთან და საზოგადოებასთან  ურთიერთობის მენეჯერისგან ეკატერინე ბურჭულაძისგან პასუხს ამ დრომდე ველით.

იტვირთბა....