პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
“კონფერენციის ფარგლებში გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე, ექნება პირისპირ, ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ამერიკულ და ევროპულ წამყვან ანალიტიკურ ორგანიზაციებთან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები საქართველოს პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, შეეხება უკანონო პოლიტიკური პატიმრების დროულად გათავისუფლების მოთხოვნას და საქართველოს დროულ დაბრუნებას ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ შეცვლილ საარჩევნო გარემოში ახალი არჩევნების გზითაა შესაძლებელი.” – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.