“ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მედიასთან მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დირექტორისა და დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მონიტორინგს კლინიკაში გააგრძელებენ.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი არის უცვლელი, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა მას გააჩნია გარკვეული სახის ჩივილები, რაც ზოგადად ახასიათებს ამ შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პარასკევს ექიმთა ჯგუფმა ნახა პაციენტი, შემდეგ ჩვენ შევხვდით მათ და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები გავეცით, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. აქ იყო საუბარი იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს ზოგადად ამდენი დღის შიმშილის ეფექტს. დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები, ვნახეთ სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ამ შედეგების შედეგად, ჩვენ შევხვდით კიდევ პაციენტს, ავუხსენით მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებები.
უნდა გითხრათ, რომ ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია და აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს, მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი ჩვენი კლინიკის პირობებში. კვლავ რჩება კლინიკაში. 30 დღიან შიმშილობის ჩივილები უკავშირდება ზოგად სისუსტეს. ჩივილები იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს გარკვეული გართულება, ამიტომ ინფორმირებულია ამ გართულების შესახებ და აქედან გამომდინარე, მან განაცხადა კლინიკაში დარჩენის თანხმობა. მან გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავუწიეთ, ავუხსენით მას მოსალოდნელი გართულების შესახებ და აქედან გამომდინარე, ის დათანხმდა გაგრძელდეს კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი”. – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს მზია ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ ის კლინიკაში უნდა დარჩეს, ვინაიდან შიმშილობას კვლავ აგრძელებს.
ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს.