„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს საპარლამენტო მანდატების დატოვებისაკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვართ ასეთი მოცემულობის წინაშე, რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება. ეს რაოდენობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ქვეყნისთვის რაიმე ლეგიტიმური გადაწყვეტილების მისაღებად. 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტისთვის კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 113 ხმაა საჭირო ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის, 100 ხმაა საჭირო 2 მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 100 ხმაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, 100 ხმაა საჭირო უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის, 90 – კონკორდატში ცვლილების დასამტკიცებლად, 90 – საკონსტიტუციოს მოსამართლეების ასარჩევად, 90 – იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად, 90 – სახალხო დამცველის ასარჩევად.
ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში გვაქვს ასეთი მოცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ 89 მანდატი გააჩნია ქართულ ოცნებას, ქაღალდზე დღეს პარლამენტში 101 დეპუტატია და საკითხი დგას იმ პარტიაზე, რომელსაც გახარია საქართველოსთვის ჰქვია. ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა – ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის იმ ძალისადმი, რასაც ქართული ოცნება ჰქვია, და რაც ჩემთვის არის რუსული ხელისუფლება საქართველოში, რომელიც რუსეთისკენ მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობებისგან ქართველ ხალხს და ისეთი სისტემებისკენ მიათრევს, როგორიც არის ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი“, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ 49 წევრის მოთხოვნა პარლამენტმა დააკმაყოფილა.