ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო “ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამერიკულ დაფინანსებას შეეხება.
“ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – წერია საელჩს განცხადებაში.
დღეს, მამუკა მდინარაძემ მორიგი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “თავად აშშ-ის ლიდერები და პირველი პირი, პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ბოროტებას ამერიკის ფულს არ ვუწოდებდით. დღეს, თავად ამერიკელები და ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, მისი მომხრეები, თანაგუნდელები საუბრობენ, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება”.