ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირის ლიდერები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურებიან

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციის თანახმად, ვროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მზად იქნება საპასუხო ქმედებისთვის, თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ტარიფი „ცუდი იქნება როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროპისთვის“ და ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციაში თანამშრომლობა სიტუაციის მოსაგვარებლად აუცილებელი პირობაა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს „სრულიად არასაჭირო და სულელური სატარიფო ომები“ და რომ სასტიკი პარადოქსი იქნება, თუ ბლოკი იძულებული გახდება, დიდი ხნის მოკავშირესთან სავაჭრო ომში ჩაერთოს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ხაზი გაუსვა, რომ ის არასდროს დაუჭერს მხარს მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას, თუმცა თუ შეერთებული შტატები ტარიფებს დააწესებს, ევროპას ერთიანი და მტკიცე პასუხის გაცემა მოუწევს. „თუ აშშ ევროპას მკაცრ ტარიფებს დაუწესებს, კოლექტიური და მტკიცე პასუხის გაცემა დაგვჭირდება“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას. „ჩვენ მზად ვართ ტრამპთან მოლაპარაკებები გავმართოთ. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ომის დაწყებას არ ვაპირებ, მე მსურს მოლაპარაკებების დაწყება“, – აღნიშნა პეტერი ორპომ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფები დაუწესდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებით. არ ვიტყოდი, რომ არსებობს ვადები, მაგრამ ეს ძალიან მალე იქნება“, – თქვა ტრამპმა  ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....