საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ფინანსთა სამინისტროს გადასახადების შემოსავლების ოდენობის გამყარებაში ადანაშაულებს. “ფინანსთა სამინისტრო გადასახადების შემოსავლების ოდენობას აყალბებს და ქმნის გეგმის შესრულების ილუზიას. ხაზინას ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს სხვადასხვა ანგარიში, საიდანაც დროებით გადააქვს ფული საგადასახადო ანგარიშებზე და ამგვარი მანიპულაციებით ქმნის გეგმის შესრულების ილუზიას. მაგ. 30 მარტს 1, 9 მილიარდი ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლებში გაუშიფრავი ე.წ. ”სხვა გადასახადები” იყო 560 მილიონი ლარი. 31 მარტისათვის ეს მაჩვენებელი 400 მილიონ ლარამდე შემცირდა, რადგან თანხები გადაიტანეს მოგების გადასახადის ანგარიშზე.
ფინანსთა სამინისტრო ამ ეშმაკობებს იმით ნიღბავს, რომ მიმდინარე წელს შემოღებული იქნა გადასახადების ერთიან სახაზინო ანგარიშზე აკუმულირების წესი, რომლიდანაც შემდგომ ხდება მისი განაწილება მოგების, ქონების, საშემოსავლო და სხვა ანგარიშებზე. სწორედ ამ ერთიან ანგარიშზე ხდება ისეთი ძველი ნაშთების, ან სხვა სახის შემოსავლების გადასროლა, რომელიც წესით არც მას განეკუთვნება და არც საანგარიშო პერიოდში იყო შემოსული.
აუდიტის სამსახურმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ამ მანიპულაციების შემოწმება და ანგარიშგების გაყალბების თაღლითური სქემის გამოვლენის შემთხვევაში საქმე გადასცეს პროკურატურას. ასევე, ამ საკითხით სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ეროვნული ბანკი”. – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
გოცირიძის ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროში სპეციალური განცხადებით უპასუხეს.
“2016 წლის პირველ იანვრამდე, საგადასახადო შემოსავლების ასობით სახაზინო კოდი (ანგარიში) არსებობდა და ბიზნესს ბიუჯეტში მრავალი გადარიცხვის განხორციელება გადასახადის სხვადასხვა სახეების მიხედვით უხდებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვან ცდომილებას გვაძლევდა მეწარმეების მიერ დეკლარირებულ ინფორმაციასთან მიმართებაში.
დღეს, ბიზნესის მიერ ყველა გადასახადი ერთი გადარიცხვით ერთ ანგარიშზე (101001000 (ათი ასი ათასი)) ირიცხება და ეს თანხები გადასახადის სახეებისა და სხვადასხვა დონის ბიუჯეტს შორის, წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად ნაწილდება, რამაც სრულ შესაბამისობაში მოიყვანა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების გადასახადების სახეების მიხედვით აღრიცხვა დეკლარირებულ მონაცემებთან, ასევე ბიზნეს-სექტორს დაუზოგა დრო და დანახარჯები.
რეფორმის განხორციელებაში ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). რეფორმის წარმატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშშიც აისახა.
ყოველივე ეს კარგად იცის და ესმის ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ რომან გოცირიძეს, და შესაბამისად მისი განცხადებები, რომ „ფინანსთა სამინისტრო გადასახადების შემოსავლების ოდენობას აყალბებს და ქმნის გეგმის შესრულების ილუზიას“ სრული აბსურდი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ასევე აბსურდულია ის მოსაზრებაც, რომ ფინანსთა სამინისტრო ახდენს თანხების გადატანას მოგების, ქონების, საშემოსავლო და სხვა ანგარიშებზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი ანგარიშები, უბრალოდ, აღარ არსებობს.
ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების კანონმდებლობის აღრიცხავს შესაბამისად. ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანგარიშგება საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად იგზავნება საქართველოს პარლამენტში, დოკუმენტი ასევე განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ვებგვერდზე. აღნიშნული ინფორმაცია ელექტრონულად ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც”, – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.