ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, იმათთვის, ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს ამ ასამბლეაში, რომ ქართული ოცნების მთავრობა და მისი 1 100 000-ზე მეტი ამომრჩეველი მშვიდობას იცავს და არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს; ქვეყანაში, რომელიც დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” მთავრობას, რომელმაც ოთხი სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, პრორუსულად ვერავინ შერაცხავს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა.
„კიდევ გავიმეორებ, რომ ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი. “ქართული ოცნების” მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ხელახლა არჩევის შესახებ.” – განაცხადა თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას.