მას შემდეგ, რაც PACE-მ მიიღო რეზოლუცია, სადაც „ქართულ ოცნებას” ახალი არჩევნების ორგანიზებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ გუნდის გადაწყვეტილებით ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ. მის კომენტარს „იმედი” ავრცელებს.
„უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია – ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში.
საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს”, – განაცხადა წულუკიანმა.
ევროსაბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მოთხოვნები “ქართულმა ოცნებამ” აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი “ოცნების” დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.
აპრილში, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე, PACE გადახედავს უფლებამოსილების საკითხს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს მისი ჩამორთმევის საკითხი.