ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიის პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – რას ედავებიან მას

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის გათავისუფლებას.

კერძოდ, ლიბიელი პოლიციელი კვირას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე ტურინში დააკავეს, ხოლო რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. მოგვიანებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა, რადგან, როგორც ამბობენ, მათთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა.

ჯორჯია მელონიმ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პროკურორები მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და დანაშაულის ხელშეწყობაში ამ საქმესთან დაკავშირებით.

„არ დავუშვებ, რომ დამაშინონ. სწორედ ამიტომ არ მოვწონვარ მათ, ვისაც არ სურს, რომ იტალია შეიცვალოს და გახდეს უკეთესი. სწორედ ამის გამო ვაპირებ, განვაგრძო ჩემი გზა და დავიცვა იტალიელები განსაკუთრებით მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოებაა საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა მელონიმ ვიდეომიმართვაში.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიება ასევე დაიწყო იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და დაზვერვის საკითხებში კაბინეტის მდივნის მიმართაც.

იტვირთბა....