ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საჯარო სამსახურების დატოვების შესახებ დაწერეს არჩილ ჯაველიძემ და რევაზ კაკულიამ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, არჩილ ჯაველიძე წერს, რომ პოსტს ტოვებს.

“9 წლის შემდეგ ვტოვებ საჯარო სამსახურს. ბევრი გამოწვევა გავიარე ჩემს გუნდთან და ღირსეულ ხალხთან ერთად. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია” – წერს აჩო ჯაველიძე.

თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ.

“მადლობა, საქართველო, პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის.

ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.

თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვირდებისთვის.

ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისერად და დაუღალავად.

ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით. მისია არ ამოწურულა, სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო – ვემსახურები საქართველოს”- წერს რევაზ კაკულია.

იტვირთბა....