ბლოგები მთავარი საზოგადოება

ჯარისკაცი – ხარვეზი, რომელსაც შორეული მომავალი აუცილებლად აღმოფხვრის

 

ამ პლანეტის მაცხოვრებლები ჯერ კიდევ ისეთი გაურკვევლობის, უგუნურებისა და სიბრიყვის მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ცივილიზებული ქვეყნების ჟურნალებში ყოველდღიურად კითხულობ სახელმწიფოთა მეთაურების დიპლომატიური ურთიერთობების მიმოხილვას, რომელთაც მიზნად სავარაუდო მტრის წინააღმდეგ კავშირები, ომისთვის მზადება დაუსახავთ. ომისთვის, რომელშიც ხალხები თავის ხელმძღვანელობებს უფლებას აძლევენ სასაკლაოს გზაზე შეყენებული პირუტყვის დარად მოექცნენ… თითქოს ვერ ათვითცნობიერებენ რა, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე მისი პირადი საკუთრებაა.
ამ უცნაური პლანეტის მაცხოვრებლები აღზრდილნი არიან რწმენით, რომ არსებობენ ხალხები, საზღვრები, დროშები, და ადამიანურობის ისეთი სუსტი შეგრძნება აქვთ, რომ მამულის წარმოდგენასთან
 მიმართებაში ის სრულიად გამქრალია. ფლამარიონი

ჯარისკაცი. ჯალათის შემდეგ ყველაზე დამამცირებელი პროფესია პროფესიებს შორის. პროფესია, რომელიც ადამიანში ადამიანობას აკნინებს და იგი, როგორც ჯალათის შემთხვევაში, ბრმა აღსრულების ინსტრუმენტამდე დაჰყავს.
ჟღერს რა თქმა უნდა ხისტად, თუმცა ზუსტად იმას გულისხმობს, რასაც გამოხატავს და ქვემოთ ოდნავ ვრცლად შევეცდები ჯარისკაცობის, და ზოგადად სამხედრო მოსამსახურეობის ავ-კარგიანობას ასევე ზოგადად შევეხო.

მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს არცერთ პროფესიას არ ეწევა ისეთი რეკლამირება, არცერთი პროფესია არ არის აყვანილი დიდების ისეთ კვარცხლბეკზე, როგორზედაც სამხედრო მოსამსახურეობა… და ამას რასაკვირველია თავისი მიზეზები აქვს.

იმ პლანეტაზე, სადაც მისი ბუნებრივ-მატერიალური რესურსების მოპოვების, ამ რესურსების ფლობისა და დანიშნულებისამებრ მართვის ერთდროულად ბერკეტიც და გარანტიც სამხედრო ძალაა, იმ მსოფლიოში, სადაც ძალა, სამართლიანად თუ უსამართლოდ, აღმართს მართლაც ხნავს, მას აღზევება და მასში ადამიანთა მოზიდვის ის განსაკუთრებულად მიმზიდველი მეთოდები სჭირდება, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეობას  ადამიანის მაღალ მორალურ-ზნეობრივ თვისებებთან გააიგივებს და ამდენად მის, როგორც ასეთი თვისებების მქონე პროფესიის, საუკეთესო კუთხით წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

ჯარისკაცი – სამშობლოს სადარაჯოზე მდგომი, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის უსაფრთხოების გარანტი. თავისი ჯარისკაცობით გარკვეულწილად უკვე გმირი.

ამ ერთ თეზაში ერთიანდება ყველაფერი ის, რაც ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერმა მოქალაქემ ჯარისკაცის შესახებ უნდა იცოდეს… და იცის კიდეც.

მოდით იმ პრეისტორიულ ხანაში გადავიხედოთ, სადაც “ჯარისკაცობა” სათავეს იღებს და შემდეგ კვლავ მის თანამედროვე ვერსიას დავუბრუნდეთ.
ფაქტია, რომ შეიარაღებული ძალების წარმოშობა და არსებობა, ისევე როგორც დღეს, იმთავითვე ორად-ორმა ფაქტორმა განაპირობა – თავდასხმამ და თავდაცვამ. თავის მხრივ ფაქტია ისიც, რომ ამ ორი ფაქტორიდან პირველი იყო განმპირობებელი, მეორე კი განპირობებული… ანუ პირველმა თავდასხმამ განაპირობა თავდაცვის პირველი ზომების მიღება.
რა თქმა უნდა თავდაპირველი ომები ისეთივე მცირე მასშტაბის იყო, როგორც მასში მონაწილე შეიარაღებული ძალები და ისინი ლოკალურ სისხლიან შეხლა-შემოხლას უფრო წააგავდა, ვიდრე საომარი ქმედებების მოგვიანებით და მის უკვე განვითარებულ ვერსიებს, თუმცა ზედმეტი მიხვედრილობა და მითუფრო მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ პირველი “ჯარისკაცი” თავდამსხმელი იყო და მას ჯარისკაცის ზემოთ მოყვანილ, დღეისათვის საყოველთაოდ მიღებულ დახასიათებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მე ამ შემთხვევაში პირველი მეომარის იმდენად შორეული, ბუნდოვანი და ნაკლებად სამხედრო სურათი დავხატე, როგორსაც იგი იმ დროისათვის წარმოადგენდა; ის ჯარისკაცი კი არა, აგრესიულად განწყობილი, მშიერი ყაჩაღი უფრო იყო, რომელმაც იერიში მიიტანა ადამიანებზე, რომელთა გარშემოც საკვები ეგულებოდა… თუმცა ზუსტად ასეთმა ყაჩაღურმა თავდასხმებმა განაპირობა თავდასაცავად შესაბამისი ზომების მიღება… შეიარაღებული ძალების წარმოშობა, ოღონდ… პირველმა სამხედრო დანაყოფებმა ზუსტად იცოდნენ რას და ვისგან იცავდნენ.
დროთა განმავლობაში იმ პირველი “მშიერი ყაჩაღის” გარშემოც ისეთივე ყაჩაღები შემოიკრიბნენ და მათი სტატუსიც (მათ შიგნით) რაღაცა უფრო ამაღლებულს ეხმიანებოდა, ვიდრე უბრალოდ ზედმეტი ლუკმის მიტაცებას. ანუ იმათთვის, ვინც მათგან თავს იცავდა, ისინი თუ უწინდებურად ყაჩაღები იყვნენ, თავად ყაჩაღები საომარი შეფერილობებით, დროშებითა და შესაბამისი ყიჟინით, საკუთარ თავს უკვე მეომრებად, გარკვეული მიზნის მქონე ჯარისკაცებად აღიქვამდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იერარქია უკვე დაცული იყო და “პირველი ყაჩაღის” ნება-სურვილიც უსიტყვოდ სრულდებოდა, მათ თავადაც ზუსტად იცოდნენ ვის და რის გამო ესხმოდნენ თავს.

ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ შორეული წარსულის “სამხედროები”, აგრესორები თუ აგრესიის მსხვერპლნი, არავითარ შემთხვევაში არ იყვნენ ბრმა ინსტრუმენტები.

თანამედროვეობას რაც შეეხება… ამ მხრივ ბოლო სამი ათეული (სავარაუდოდ) საუკუნის განმავლობაში არსობრივად ბევრი არაფერი შეცვლილა.
კონკრეტულ ტერიტორიებზე, კონკრეტული თემების, მოსახლეობის რიცხვობრიობის ზრდას, კონკრეტული მფლობელობების ქვეშ არსებული კონკრეტული ტერიტორიების გაფართოვებასა და ზოგადად პროგრესს რა თქმა უნდა სამხედრო სფეროს მიღმა არ ჩაუვლია!.. მითუფრო რომ გარკვეულწილად სამხედრო სფერო აღმოჩნდა ზუსტად ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც პროგრესს სისხლიანი, მაგრამ მაინც სული ჩაბერა. სამხედრო სფერო ვითარდებოდა, იზრდებოდა სამხედრო საქმეში, როგორც ერთგვარ ღონისძიებაში, მონაწილეთა რიცხვი და შესაბამისად იზრდებოდა მანძილი პირველ და უკანასკნელ რგოლებს შორისაც.
მიღებული იქნა გარკვეული დოქტრინები, რომლებიც რასაკვირველია ზედა რგოლების მიერ და მათ სასარგებლოდ მუშავდებოდა; მართვას აადვილებდა და ყველაზე გავლენიან და შესაბამისად მნიშვნელოვან ძალას, სამხედრო ძალას, მორჩილს ხდიდა. სამხედრო მოსამსახურის ქვედა რგოლისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომელიც მისი შორეული წინაპრებისთვის მიწვდომადი იყო… ჯარისკაცმა ზუსტად აღარ იცოდა რას და ვისგან იცავდა; ჯარისკაცმა ზუსტად აღარ იცოდა ვის და რის გამო ესხმოდა თავს… ჯარისკაცის “ზუსტი ცოდნა” ერთადერთი კრიტერიუმით განისაზღვრა – ზემდგომის ბრძანებით.

“შენ მითხარი ვინ მოვკლა და მე უსიტყვოდ მოვკლავ.” – უთქმელად, თუმცა ამას ამბობს დღევანდელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ჯარისკაცი და ეს იმდენად გამაოგნებელი და შემაძრწუნებელია, რამდენადაც ჯალათის მიერ, უსიტყვოდ და განუსჯელად, იმ სიკვდილმისჯილისთვის ნასროლი ტყვია, რომელსაც არ იცნობს და რომელიც შეიძლება სრულიად უდანაშაულო აღმოჩნდეს.
სწორედ მსგავსი ეჭვების მიძინება-მიყუჩებას ემსახურება ჯარისკაცული სულისკვეთების, პატრიოტიზმისა და გმირული შემართების მსოფლიო მასშტაბით პროპაგანდა-აგიტაცია, რომელიც ადამიანში მცდარის სიმცდარეს და გაუმართლებელის გაუმართლებლობას მალავს.

თავად ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მხარეს მებრძოლი და ერთმანეთის მიმართ მტრულად მხოლოდ იმიტომ განწყობილი ორი ჯარისკაცი, რომ ასე ერთმანეთის მიმართ მმართველი წრეები არიან განწყობილი… თავად ის ფაქტი, რომ ორი სახელმწიფოს ერთმანეთისადმი დაპირისპირებული ორი ჯარისკაცი საკუთარი სახელმწიფოების წინაშე მართლები არიან… თავად ის ფაქტი, რომ ობიექტურობისთვის განკუთვნილი და მხოლოდ მის ჭრილში განსახილველი საგნები სუბიექტურ ჭრილში განიხილება, იმდენად სასაცილო და ცინიზმით სავსეა, რამდენადაც შოკისმომგვრელი და წესით და რიგით მიუღებელი.

სამწუხაროდ ეს ასე დარჩება იქამდე, სანამ ადამიანი, თავის უმრავლესობაში, ჯერ კიდევ მხდალ, გულჩაკეტილ არსებას წარმოადგენს… სამწუხაროდ მსოფლიოს ჯერ კიდევ დიდი ხანი ეყოლება “სამშობლოს სადარაჯოზე მდგომი, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის უსაფრთხოების გარანტები” – ჯარისკაცები, რომელთაც არ ეცოდინებათ ვის და რის გამო ესხმიან თავს და არ ეცოდინებათ ვისგან და რას იცავენ…
ძალა აღმართს კიდევ კაი ხანს მოხნავს და ასე დარჩება იქამდე, სანამ სისუსტეს ძალა ერქმევა, ძალას კი სისუსტე.

ვასო შონია

იტვირთბა....