მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველის იმ ანაგარიშს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი.
„ეს გაურკვეველი წარმოშობის სუბიექტი ჩვენი შვილების ექსკურსიაზე ტაძრებში წაყვანის აკრძალვას ითხოვს, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს. როდესაც ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს და არაბული წარწერები მიაწერეს მივმართე, ხმა ამოეღო, როდესაც პატრიარქს ქვეყნის მტერი უწოდა ჰომოსექსუალთა ლიდერმა, მივმართე ხმა ამოეღო, როდესაც მართლმადიდებლებს თავს დაესხენ, მივმართე ხმა ამოეღო, მაგრამ არცერთხელ ხმა არ ამოუღია და მართლმადიდებელთა ინტერესები არ დაუცვია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს სუბიექტი სახალხო დამცველი კი არა, არამედ პროვოკატორი და მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერია. იმდენად მზაკვარი პროვოკატორია, რომ ცდილობს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები წარმოშვას, ხოლო შემდეგ ყოველივე ეკლესიას დააბრალოს. აღმსარებლობით სექტანტია და თავისი ოდიოზური სექტის ინტერესებს ემსახურება. თითოეული დღე მისი ყოფნისა სახალხო დამცველის პოსტზე არის სერიოზული საფრთხის შემცველი, ხოლო მისმა ბრძოლამ მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ ამაზრზენი ხასიათი მიიღო. ვფიქრობ საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და მოვითხოვოთ ამ სუბიექტის გადაყენება სახალხო დამცველის პოსტიდან. მართლმადიდებლობის და ქართველობის მოძულეს არაფერი ესაქმება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს ინციატივას და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე!!!!!!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობასა ეხება, აღნიშნულია, რომ კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი ზოგადი განათლების შესახებ კრძალავს, მოსწავლეს, მშობელს, ან მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს. რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში მსგავსი დარღვევების შესახებ საუბრობენ.
უჩა ნანუაშვილი: “მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან,”- სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიში.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ასევე არ სრულდება კანონით აკრძალული საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსების მოთხოვნა და ადგილი აქვს სკოლის სამასწავლებლოებში რელიგიური კუთხისა და საკლასო ოთახში რელიგიური სიმბოლოების განთავსებას.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 158-ე საჯარო სკოლიში გამოავლინა შედეგი შემთხვევა: სკოლის სამასწავლებლოში მოწყობილია რელიგიური კუთხე, ხოლო 13 საკლასო ოთახში განთავსებულია რელიგიური სიმბოლოები. EMC საკუთარ გაცხადებაში მიუთითებს, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს საკმევლის ანთებით იწყებენ, ხოლო მუსიკის გაკვეთილებზე ყველა მოსწავლეს ასწავლიან მართლმადიდებლურ გალობას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საგაკვეთილო პროცესის დაწყებამდე, პედაგოგთა ერთობლივი სურვილითა და თანხმობით, მუსიკის მასწავლებელმა სამასწავლებლოში ხატებთან აკმია საკმეველი. მისივე განმარტებით, მუსიკის მასწავლებლები მოსწავლეებს ასწავლიან მხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ საგალობლებს,”- უჩა ნანუაშვილი
ადგილი ჰქონდა ასევე, მუსლიმი აღმსარებლობის მქონე ბავშვების ეკლესიაში მოსალოცად წაყვანას და მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ სკოლის კურთხევას.
სახალხო დამცველის ოფისმა წერილით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა აღნიშნული ფაქტების აღკვეთა. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის თანამშრომლებს მიეცათ მითითებები და განემარტათ, რომ სკოლა უნდა იყოს თავისუფალი რელიგიური გავლენისგან.