არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგნენ” – ჯო უილსონის წერილი საქართველოზე

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

წერილში უილსონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ არჩევნები ხალხის ნების გარეშე მოიგო, რასაც “შოკისმომგვრელს” უწოდებს.

ივანიშვილის რეჟიმის შეფასებისას კონგრესმენი მათ შორის თვითაღიარებული პრემიერის, ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტზეც საუბრობს:

“საქართველო უკვე დიდი ხანია შეერთებული შტატების მეგობარია. აყვავებული დემოკრატია მკაცრ რეგიონში, მან გაუძლო მრავალ თავდასხმასა და ჩარევის მცდელობას აგრესორების – ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინის მხრიდან – და დარჩა ძლიერ პარტნიორად. ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ და მადლობელი ვარ, რომ თბილისში არაერთხელ ვარ ნამყოფი. სამწუხაროდ, საქართველოს თავისუფლებას ახლა ისტორიული საფრთხე ემუქრება ბიძინა ივანიშვილისა და მისი კორუმპირებული “ქართული ოცნების” მცდელობის სახით, გადააქციოს საქართველო “აგრესორების ღერძის” გავლენის ვექტორად.

მართლაც, ივანიშვილის მარიონეტი პრემიერმინისტრი ეწვია ირანის რეჟიმს სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი გეგმავდნენ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას და გადასცეს კორუმპირებული კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე. ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელსაც მოჰყვა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნების” შოკისმომგვრელი და თაღლითური გამარჯვება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

მრავალმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა მიიჩნია, რომ არჩევნები ძირეულად ხარვეზიანი იყო. მიუხედავად ამისა, კორუმპირებულმა ივანიშვილმა გამოიყვანა თავისი არალეგიტიმური პარლამენტი და დანიშნა არალეგიტიმური პრეზიდენტი. მიუხედავად მასიური დემონსტრაციებისა, მან მიიღო დრაკონული კანონები, რომლებიც პროტესტისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზებას ახდენენ, სცემენ და საწოლიდან იყვანენ მოქალაქეებს ციხეში ჩაგდებამდე”, – წერს უილსონი.

გარდა ამისა, ამერიკელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგას, რადგან ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ.

“მიუხედავად ამისა, მამაცი ქართველი ხალხი პროტესტს აგრძელებს. სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, უკიდურესად გაბედული პოზიცია დაიკავა, შეუერთდა აქციის მონაწილეებს და მოითხოვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ორპარტიულ და ორპალატიან კოლეგებთან ერთად ქართველი ხალხის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდით ვდგავარ. მოვუწოდებ ყველა ამერიკელს, გვერდში დაუდგნენ ქართველებს, რადგან ისინი საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან”, – ნათქვამია წერილში.

იტვირთბა....