“მნიშვნელოვანია, რომ ეს ბანკები დღეს, მაინც პასიურ პოზიციაში ყოფნას არჩევენ, სწორედ ამ პასიურობისთვის უხდის მათ ხელისუფლება. ამ ბანკის ხელმძღვანელ პირებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ ეს კრიზისი არ განიმუხტა და დროში გაიწელა, მათაც შეეხებათ”- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
“პირველ რიგში, მათი საზრუნავი და პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ ყველაფრის თავიდან არიდება. მათ ხელეწიფებათ ამის გაკეთება.
დღეს ყველაზე მეტად, ვისაც გაუჭირდა, არის წვრილი და საშუალო ბიზნესი. ეს არიან ის ადამიანები, ვინც სამსახური დაკარგა, ვინ ბოიკოტშია, ვინც რეპრესიების მსხვერპლია, ვინც მომსახურების სექტორშია და ყველა ამ ადამიანს აქვს ფინანსური ვალდებულებები. ამიტომ კეთილი უნდა ინებონ ბანკებმა და შეუჩერონ პროცენტების დარიცხვა იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესების გამო დაზარალდა, უნდა მოხდეს მათი სესხების რესტრუქტურიზაცია, ოღონდ ბანკებმა რეალური რესტრუქტურიზაცია უნდა გააკეთონ, მათ ამის ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. განსაკუთრებით „საქართველოს ბანკი“ არ უნდა იყოს სისტემის გაგრძელება და სისტემის ნაწილი როგორც ის პოზიციონირებს დღეს და უნდა იყოს დამოუკიდებელი სუბიექტი. საერთოდ ამ ორ ბანკს „საქართველოს ბანკსაც“ და „თიბისასაც“ ეკისრება გაცილებით მეტი სოციალური პასუხისმგებლობა,“- აღნიშნა ქადაგიძემ.
მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის ვალია დაეხმაროს ყველა კრიტიკულ მედიას, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს.
„დღეს თუ საქართველოს რამე აშორებს ტოტალურ ავტოკრატიას, ჩამორჩენილ დიქტატურებს, ეს არის კრიტიკული მედია. თქვენი, კრიტიკული მედიის დამსახურებით ადამიანები იგებენ თუ სად, რა და როგორ ხდება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ყველა კრიტიკულ მედიას აქვს ფინანსური პრობლემები. ხელფასებს ვერ იხდიან, გაყინულია მათი შემოსავლები. ამ დროს კი მათი ჯამური სარეკლამო ბიუჯეტი არის კაპიკები იმასთან შედარებით, რაც არის ამ ორი დიდი, მონსტრი ბანკის („საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“) მოგება. 30-50 მილიონ ლარზეა ალბათ საუბარი, რომ დაფინანსდეს ყველა კრიტიკული მედია, იქნება ეს ტელევიზია, ბეჭდური თუ ონლაინ გამოცემები. ეს არის ამ ორი დიდი ბანკის მოგების დაახლოებით 1.5%. წარმოგიდგენიათ? მათ როგორც არავის ხელეწიფებათ რომ ეს პრობლემა არ იყოს.
ბიზნესის როლია, რომ თითოეულ თქვენგანს, ვინც მოვლენების ეპიცენტრში ხართ და პირველ ხაზზე იბრძვით, მსგავსი ფინანსური პრობლემები არ გაწუხებდეთ. ერთის მხრივ 37% მოგებას აკეთებდე ჩვენზე, იმ ადამიანებზე, ვინც პროტესტში მონაწილეობს და მეორეს მხრივ შემოიფარგლო ევროკავშირის დროშის გადმოფენით თუ სასაცილო თანხის დონაციით, როგორიცაა ორივე ბანკის მხრიდან ჯამში 5 მილიონი ლარის გამოყოფა, რაც არის 16 თეთრი, მათი ყოველი 100 ლარის მოგებიდან. მაყურებლისთვის მიმინდვია ეს რამდენად საკმარისი ან პასუხისმგებლიანი ქცევაა.
პრეტენზია არის ხოლმე, რომ დონორები პოლიტიკურად მოტივირებული ხალხია. საქართველო პატარა ქვეყანაა, კრიტიკული მედიის შემოსავლები თვითკმარი არაა და იმისთვის, რომ გადარჩნენ პოლიტიკურად მოტივირებული დონორებიდან იღებენ დაფინანსებას. ეს რომ არ იყოს, უმარტივესი რამეა გასაკეთებელი – მიიტანონ შესაბამისი რაოდენობის რეკლამა ტელევიზიებში, კრიტიკულ მედიებში, ონლაინ გამოცემებში.
დღეს არაორდინალურ ვითარებაში ვართ, ქვეყანა იბრძვის, გადარჩენა, გადატვირთვა და ახალ ლიანდაგზე დაყენებაა საჭირო, რაშიც ამ ორი ბანკის („საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“) პასუხისმგებლობა უზარმაზარია და მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათ დაუტრიალდებათ, – განაცხადა ქადაგიძემ.