„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში რამდენიმე საკითხზეა საუბარი, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობებზე.
„ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს.
უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს.
ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უილსონი ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გუნდის ერთ-ერთი სახეა. ბოლო პერიოდში, ის უმწვავეს განცხადებებს აკეთებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით.
ამასთან, ის არის „Megobari Act“ – ის ერთ-ერთი ინიციატორი.