ახალი ამბები მთავარი

“სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიჩაგრებოდი” – მერიიდან გაუშვეს თანამშრომელი, რომელიც “ოცნების” პოლიტიკას აკრიტიკებდა

„სამსახურიდან გამათავისუფლეს 8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო…“ – წერს გიგა სოფრომაძე ფეისბუკში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას აქვეყნებს

გიგა სოფრომაძე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყო და თანამდებობაზე თბილისის მერიაში 2016 წლიდან მუშაობდა.

მან ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, სადაც წერია, რომ ხელმომწერები ემიჯნებიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.

“ეს უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ გავემიჯნეთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ქვეყანაში არის” – ამბობს გიგა სოფრომაძე “პირველებთან” ინტერვიუში.

“აი ამ მომენტში, ინტერვიუს ჩაწერამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე გავიგე, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. სიტყვიერი საუბარი, ახსნა-განმარტება, არ ყოფილა. 47-ე მუხლის “ო” ქვეპუნქტი, რომელიც ნიშნავს სხვა მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტას, აი ამ მუხლით ვარ გათავისუფლებული.

თურმე, ის საქმე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ვაკეთებდი მერიაში, ახლა აღარ ყოფილა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ცვლილება არ ყოფილა, არც პროგრამა დამატებია, არც გამოკლებია. პრემიები, ან ფინანსური წახალისება, რომელიც თანამშრომლებზე გაიცემა, ჩემ შემთხვევაში სრულიად ჩახსნილი იყო მას შემდეგ, რაც მე ღიად დავიწყე აქტიურობა. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიჩაგრებოდი. ეს უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ გავემიჯნეთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ქვეყანაში არის”, – ამბობს გიგა სოფრომაძე.

 

 

განაგრძე კითხვა

იტვირთბა....