„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ერეკლე ურუშაძე “მეტრონომთან” საუბარში მიიჩნევს, რომ Panama Papers-ის სახელით გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის დროს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია დეკლარაციაში არ აღირიცხა, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველია.
“ვფიქრობთ ეს დოკუმენტები საკმარია იმისთვის, რომ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენ ბრალზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან არ ვიცით მართლა დამალა თუ არა ქონებრივ დეკლარაციაში ივანიშვილმა ქონება. თუ დამალა, რა საბაბით დამალა? სწორედ გამოძიებამ უნდა უპასუხოს აღნიშნულ კითხვებს. ჩვენი კანონმდებლობით, თანამდებობის პირს ევალება საქართველოში თუ საზღვარგარეთ ნებისმიერ კომპანიაში თავისი მონაწილეობის დეკლარირება. იყო თუ არა ამ კომპანიებთან დაკავშირებული მაშინ, როცა თანამდებობის პირი იყო, ეს ჩვენ არ ვიცით და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე.” – აცხადებს ურუშაძე.
“მეტრონომი” პროკურატურას დაუკავშირდა, გვაინტერესებდა დაიწყებს თუ არა პროკურატურა იმ საქმის გამოძიებას, სადაც შესაძლოა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ბრალეულობა გამოიკვეთოს. პროკურატურისგან პასუხს ამ დრომდე ველით.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიაში პრემიერ-მინისტრის ზიგმუნდურ დავიდ გუნლეგსონის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა. დემონსტრაციები, Panama Papers-ის მასალების გასაჯაროებას მოჰყვა. მასალების თანახმად, პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე ოფშორული კომპანიის Wintris-ის მფლობელები არიან.
შეგახსენებთ, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად Lynden Management Ltd ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილმა აღნიშნული კომპანია დეკლარაციაში არ შეიტანა.