აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

პირველი არხის თანამშრომლების ნაწილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა. ისინი ითხოვენ, რომ მაუწყებელმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის. როგორც პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, მენეჯმენტი დღის ეთერზე უარს ტექნიკური მიზეზებით ხსნის, თუმცა მაშინ, როცა პანდემიის დროს, 1 კვირაში მოხერხდა ტელესკოლის აწყობა, ეს მიზეზი მათი თქმით, არარელევანტურია და სურვილის შემთხვევაში სპეციალური სტუდიის აწყობაც შესაძლებელია:

“საგანგებო მდგომარეობაზე მაუწყებელი გადადის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვართ და გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველს მივაწოდოთ ინფორმაცია ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას, როგორც ჩვენ ამას გვავალდებულებს კანონი და სხვადასხვა ვალდებულება, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია”, აცხადებს “მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, მაუწყებლის თანამშრომლების განცხადების გასაკეთებლად პირველი არხის მენეჯმენტმა შენობაში არსებული პრესკლუბი არ დაუთმო.

პირველ არხის თანამშრომლების ნაწილის განცხადებაში ვკითხულობთ:

“28 ნოემბერს ბატონმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ინიციატივით ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა.

ამ განცხადებას საზოგადოების უწყვეტი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის
შენობის წინ.

მას შემდეგ, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ – პოლიტიკური მსჯელობისთვის.

მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან.

მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.

ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება.

სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან.

სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ.

ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს.

გვჯერა, რომ პროცესის მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ვალია.

მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო”

იტვირთბა....