პატარაობაში ნიზარ ტრაბელსი თავს მსოფლიოში ყველაზე უბედურ ბავშვად თვლიდა. არა იმიტომ, რომ ტუნისის ქალაქ სფაქსის ღარიბ გარეუბანში იზრდებოდა, რომ მისი ოჯახი გაჭირვეული იყო და მას ხანდახან შიმშილობა უხდებოდა, არამედ იმიტომ, რომ სახლში ტელევიზორი არ ჰქონდა. არადა იმ ზაფხულს 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას მისი სამშობლოც იღებდა. რასაკვირველია ტუნისი ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა და მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა. პატარა ნიზარმა აქედან მხოლოდ ერთის ნახვა მოახერხა (მექსიკასთან დამარცხდნენ – 3:1), ისიც თანაკლასელმა სტუმრად დაპატიჟა. ამის შემდეგ ბიჭმა დაიფიცა, რომ თუკი ოდესმე ცნობილი ფეხბურთელი გახდებოდა პირველ რიგში მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელევიზორს იყიდიდა.
16 წლის იყო, როცა ერთმა ბელგიელმა სკაუტმა შეამჩნია, მისმა ტექნიკამ ძალიან მოხიბლა და სასწრაფოდ „სტანდარტში” მიიწვია. სამწუხაროდ, ტრაბელსი ბელგიაში დიდი ხნით ვერ გაჩერდა, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეთქებადი ხასიათისა და უდისციპლინობის გამო დაიწუნა. მაშინ აგენტმა აფრიკელი ახალგაზრდა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, დუსელდორფის „ფორტუნაში” მოაწყო. აქაც იგივე პრობლემებმა იჩინა თავი. ნიზარს მატჩებში მონაწილეობა უნდოდა, მწვრთნელი კი მისი მოედანზე შეყვანისგან დროებით თავს იკავებდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ მაშინ „დუსელდორფს” მეორე დივიზიონიდან პირველში გადასვლის რეალური შანსი ჰქონდა და შემადგენლობაში ცვლილებისგან თავს იკავებდა. „ის ფსიქიკურად არამდგრადი იყო, თითოეული ვარჯიშის შემდეგ ხანდახან ტიროდა ხოლმე” – იხსენებს რისტიჩი. ცოტა ხანში ტრაბელსიმ ვეღარ მოითმინა და შვება ნარკოტიკებში იპოვა (კოკაინზე შეჯდა) და არც ალკოჰოლი დაივიწყა. მეორე სეზონში დუსელდორფელებს პირველ ბუნდესლიგაში აღარ გაჰყვა, მოკრძალებულ „ვუპელტარელში” გადავიდა. როგორც სხვა გუნდებში მოედანზე აქაც იშვიათად გაყავდათ. ცოტას თამაშობდა, ამიტომ დრო გართობისთვის უფრო მეტი რჩებოდა. მას უფრო მეტი და მეტი უნდოდა. ერთხელ პოლიციის განყოფილებაშიც კი მოხვდა, მაგრამ სამხილების არ ქონის გამო გაათავისუფლეს. „არც ქალიშვლის დაბადებამ, არც ცოლის ცრემლებმა ჩემზე არ იმოქმედა. უბრალოდ მომწონდა რასაც ვაკეთებდი” – ამბობს ტრაბელსი.
ერთხელ დისკოტეკაზე ფეხბურთელმა თანამოაზრე გაიცნო, რომელიც მას ხარისხიანი კოკაინით გაუმასპინძლდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა. ცოტა ხანში გამოაშკარავდა, რომ ახლახან გაცნობილი პიროვნება – ტარეკ მაარუფი, ცნობილი ტერორისტი იყო.
ნიზარმა უკანასკნელი საფეხბურთო მატჩი 24 წლის ასაკში ჩაატარა. შემდეგ კი მაარუფისთან ერთად ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. პირველად პაკისტანში ჩავიდნენ, შემდეგ ავღანეთში, სადაც თალიბანს შეუერთდნენ. ტრაბელსი ჯალალაბადში დაბინავდა და „ალ-ქაიდასთან” თანამშრომლობა დაიწყო.
2000 წელს ოსამა ბინ ლადენთან მისი პირველი შეხვედრა შედგა. „ვისხედით და პანისლამიზმზე ვსაუბრობდით, თან ჩაის ვსვავდით. ძალიან გამიკვირდა როცა შევიტყვე, რომ მან ჩემზე ყველაფერი იცოდა – ფეხბურთის შესახებაც ინფორმირებული იყო. მალევე ოსამა ჩემთვის მეორე მამად იქცა. მზად ვიყავი მისთვის სიცოცხლე გამეწირა”.
ერთი წლის შემდეგ ბინ ლადენი ახალბედა ტერორისტის „გააქტიურებას” შეუდგა. ნიზარის პირველი დავალება ბუდას ქანდაკების აფეთქებაში მონაწილეობის მიღება იყო. ტრაბელსი გერმანიაში საკუთარ ცოლ-შვილთან უფრო იშვიათადღა ბრუნდებოდა. ბოლოს ისინი 2001 წლის გაზაფხულზე ნახა. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ალაჰის სახელით „წამებული” გამხდარიყო.
ფეხბურთელის ახალი და ცხოვრებაში საბედისწერო მისია ბელგიის ოპერაცია გახდა. ტერორისტებს ჰოლანდიის საზღვართან მდებარე ამერიკელების ბაზა უნდა აეფეთქებინათ, რადგან მათი ვარაუდით აშშ-ს ხელისუფლება ატომურ იარაღს ინახავდა, რომლის არსებობასაც ბელგიის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა. ეს ტერაქტი 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკის თაუერების აფეთქების გაგრძელება უნდა ყოფილიყო. თავდასხმა 13 სექტემბერს დაიგეგმა. ბაზაზე ტრაბელსი
950 კილოგრამიანი ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანით შევიდა. სპეცსამსახურებმა დროულად იმუშავეს და „ალ-ქაიდას” ტერაქტი შეაჩერეს. ნიზარი და 22 თანამზრახველი ერთდროულად აიყვანეს. სამართლო პროცესი 2003 წლამდე გაიწელა. ბოლოს ფეხბურთელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს. „ახლა ყველაფერს ვნანობ – ამბობდა ნიზარი განაჩენის გამოტანის შემდეგ, – ჩემ სულელურ საქციელს ბოლომდე ახლაც ვერ ვაცნობიერებ. ისე ვიქცეოდი, როგოც დაპროგრამებული მანქანა”. ტრაბელსის ციხიდან გაპარვას რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. 10 წლის განმავლობაში კვალის ასაბნევად მსჯავრდებული სამართალდამცავებს სხვადასხვა დაწესებულებაში გადაჰყავდათ. 2008 წელს ბელგიის ხელისუფლებას აშშ დაუკავშირდა და პატიმრის ექსტრადაცია მოითხოვა, როგორც დამნაშავის, რომელმაც ამერიკელ ჯარისკაცებს საფრთხე შეუქმნა. ევროპის სასამართლოს უარყოფის მიუხედავად ტრაბელსი ამერიკაში მაინც წაიყვანეს.
2013 წელს განთავისუფლების მაგივრად ვირჯინიის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ახლა ტერორისტი-ფეხბურთელი კამერაში ზის, იქვე კარგი ტელევიზორიც აქვს, რომელიც პატარაობაში ასე ძალიან უნდოდა. მაგრამ თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობს – იმიტომ რომ ერთხელ უბრალოდ არასწორ არხზე გადართო და მცდარი გზა აირჩია.
წყარო: http://sarbieli.ge/