ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შსს-მ ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ესტატე მ. და 1992 წელს დაბადებული კახა ი. თიანეთში დააკავეს, რომელიც გუშინ, გამთენიისას, სოფელ გლდანში 20 წლის ბიჭის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

„შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ესტატე მ.-მ მიმდინარე წლის 4 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, გლდანის რაიონში, რამდენიმე საათით ადრე მომხდარი დაპირისპირების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993 წელს დაბადებული თორნიკე ვ. და 1988 წელს დაბადებული ლევან ხ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და თანმხლებ პირთან – კახა ი.-სთან ერთად მიიმალა. თორნიკე ვ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლევან ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში.

გამოძიება ესტატე მ.-ს მიმართ ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით). კახა ი.-ს მიმართ გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით)“- აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გამთენიისას სოფელ გლდანში 20 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას 4 ტყვია ესროლეს – 2 თავის არეში, 2 კი – მუცლის. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

იტვირთბა....