საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, იმედოვნებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ, ზურაბიშვილის განცხადებით, შეცდა.
„ის შანსი, რაც არსებობდა, რომ დავბრუნებულიყავით სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო ჩარჩოში და იმ სიტუაციაში, სადაც ვიყავით არჩევნებამდე, რომელიც არის საწყისი ამ არალეგიტიმური, ერთი მეორეზე გადაბმული მოვლენების, დღეს მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარ არსებობს არც ერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაკარგა თავისი არსი და არა მთელი რიგი სხვა იმ ინსტიტუტების, რომლებიც არიან სრულიად დამოკიდებული ერთპარტიულ წყობაზე, რომელიც დღეს დამკვიდრდა ქვეყანაში.
კითხვა ისმოდა და ისმის ალბათ, რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა უკვე ვიცოდით, რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა. ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ, ჩემთვის, პირველ რიგში, ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი. მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არა ერთხელ გამოაჩინეს ის შინაგანი ძალა, რომ შეიძლება, გადაუდგე იმ მოვლენებს და დადგე როგორც პიროვნება.
მე სადღაც ჩემში მქონდა იმედი, რომ, ადამიანებმა, როდესაც იციან, რომ მათზეა დამოკიდებული, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, კონსტიტუციურ წყობას და შემდეგ – პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა ისტორიაში მოცემული აქვთ ეს ერთი საშუალება, რომელიც არასოდეს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება, განვითარდეს – ვთვლიდი, მჯეროდა და ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და იქნებოდა მართალი თავისი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი. შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად.