ვინ იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” სიაში? პარტია ახალი სახეებით დაკომპლექტდება. შემადგენლობიდან სიაში კი მხოლოდ 17 კაცი მოხვდება – ვერსია ამის შესახებ “TV პირველის ეთერში”, ინგა გრიგოლიამ „დღის ამბებში“ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, ან, მინიმუმ, ვიცე-სპიკერი, იქნება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და პრემიერის ყოფილი მრჩეველი, თამარ ჩუგოშვილი. ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე შესაძლებელია თეა წულუკიანი გახდეს. თუმცა, როგორც ირკვევა, პირველი აქცენტი ჩუგოშვილზე კეთდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი დეპუტატები საგანგებო ტესტირებას გადიან, რომელშიც ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა უცხო ენის ცოდნას და უცხოეთში მათ კავშირებს მიენიჭება. უფრო ზუსტად კი – ინგლისურ ენას. „ოცნების“ ახალი სიის წამყვანი ოცეული სწორედ იმ ხალხით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებიც ამ მიმართულებით ჩაანაცვლებენ „რესპუბლიკელებს“. სიაში გადავლენ მინისტრებიც – გიორგი კვირიკაშვილი, კახი კალაძე, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი.