ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს – თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტარებს

რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“პირველ რიგში, ვულოცავ ანდრიუს კუბილიუსს, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. მოგეხსენებათ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი აკვირდებოდა და რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, იყო რუსეთის ჰიბრიდული ომის ფარგლებში განხორციელებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. გაყალბების მასშტაბი იყო მასობრივი და მოიცავდა ხმის ფარულობის დარღვევას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც სრულიად გამოუთხარა ძირი ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.

რუსეთში გამდიდრებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც არჩეულ იქნება ივანიშვილის ლოიალისტებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ, და რომელიც, უწიგნურობასთან ერთად, ცნობილია თავისი შეურაცხმყოფელი და ანტი-ევროპული რიტორიკით.

ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის შემუშავების, რომელსაც ხვალ ეყრება კენჭი და, ცხადია, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში აღნიშნულია არჩევნების შედეგების არაღიარება და მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ასევე მსურს, გთხოვოთ მხარდაჭერა შესწორების, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც უკვე მეოთხე წელია, რაც პოლიტიკური პატიმარია.

მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია რუსული რეჟიმის მიერ, ჩვენ, ისტორიის სწორ მხარეს მყოფები, არ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს წარსულ განსხვავებებში, არამედ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი საერთო მიზნისთვის საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად.

ძვირფასო მეგობრებო, ჩემი კიდევ ერთი თხოვნა იქნება, რომ იმუშაოთ ახალ კომისიასთან ამ პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, რეჟიმის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების და საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიების თაობაზე. რუს ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა ან ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება არა მარტო ევროპის იდეასა და ღირებულებებს დააზიანებს, არამედ კიდევ უფრო წაახალისებს კრემლს და საქართველოს გარდაუვალი ავტორიტარიზმის უფსკრულისკენ უბიძგებს.

ამიტომ, ჩვენ გვაქვს თქვენი გაბედული პოლიტიკური ნაბიჯების და ლიდერობის იმედი და ასევე, გთხოვთ, განაგრძოთ მამაცური ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროპული მომავლისთვის“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....