აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

„ჰამასს“ ძალიან მოკლე დრო ექნება განიარაღებისთვის, თუ არ განიარაღდებიან, ეს საშინელი იქნება მათთვის” – დონალდ ტრამპი 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ჰამასს“ ძალიან მოკლე დრო ექნება განიარაღებისთვის.

„თუ ისინი არ განიარაღდებიან, როგორც შეთანხმებაშია, ეს საშინელი იქნება მათთვის. ნამდვილად ძალიან ცუდი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 59 ქვეყანა მზად არის, ჩაერიოს პროცესში, თუ „ჰამასი“ არ შეასრულებს ვალდებულებას.

„გვყავს 59 ქვეყანა, დიდი ქვეყნები. ამ ქვეყნებს სურთ, შევიდნენ და გაანადგურონ „ჰამასი“. მათ ისრაელიც კი არ სჭირდებათ“, – დასძინა დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და აღნიშნა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს გარეშე ისრაელს შესაძლოა, აღარც კი ეარსება. ტრამპის თქმით, თავადაც დიდი როლი ითამაშა ამ წარმატებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „არ აწუხებს“ ისრაელის ქმედებები.

„მაწუხებს ის, თუ რას აკეთებენ ან არ აკეთებენ სხვები. მათ გეგმა შეასრულეს. ისინი ძლიერები არიან“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, მიიღო ინფორმაცია ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო განახლების შესახებ.

„ირანი შესაძლოა, ცუდად მოქმედებდეს. ეს არ დადასტურებულა, მაგრამ თუ დადასტურდება, მათ იციან შედეგების შესახებ. შედეგები იქნება ძალიან ძლიერი. შეიძლება, უფრო ძლიერი, ვიდრე ბოლო ჯერზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ის მზადაა ირანთან ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ გვაქვს მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში და ვაპირებთ მის შენარჩუნებას. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული ვიქნებით ამაში“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა სირიის ახალ ლიდერთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ქვეყანას სწორედ ასეთი ძლიერი ხელმძღვანელი სჭირდება.

იტვირთბა....