„თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის შემოსაზღვრა უკვე დასრულებულია“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
საუბარია, თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობაზე. ლექვინაძის თქმით, აღნიშნულ ადგილზე ზოოპარკის მთლიანად გადატანას, დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.
„თბილისის ზღვაზე ზოოპარკისთვის შემოსაზღვრა უკვე დასრულებულია, დაახლოებით 48 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც სპეციალური სტანდარტის ღობეთი შემოისაზღვრა, რაც 2 მილიონამდე დაჯდა და ეს თბილისის მერიამ განახორციელა.
უახლოეს დღეებში იქ იწყება რამდენიმე ვოლიერის მშენებლობა, ამას ზოოპარკი საერთაშორისო დონორების დახმარებით ახორციელებს, რაც შეეხება ზოოპარკის მთლიან გადატანას, ალბათ მინიმუმ სამი წელი დასჭირდება, რომ ეტაპობრივად გადატანა მოხდეს, თუმცა აქაც ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დონორ ორგანიზაციასთან და შესაძლოა, ფინანსური რესურსი იქნას მოძიებული”, – განაცხადა ლექვინაძემ.
ცნობისთვის, ზოოპარკის გადატანაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობა მოხდა. მისი შედეგები ძალიან მძიმე იყო, გარდა იმისა, რომ წყალდიდობამ მთელი ზოოპარკი დატბორა და იქ ცხოველები დაიხრჩვნენ, მას ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა.
თბილისის ზოოპარკის გადატანაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ 21 ივლისს ისაუბრა.
„მას შემდეგ, რაც თბილისში მოხდა ახალი გზის გაჭრა გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა გზის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ა.შ. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეგეთი მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე დამატებით რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოვოთ და დავრგოთ ხეები. გარდა ამისა, გვინდა ზოოპარკის და მზიურის ტერიტორია ერთმანეთთან დავაკავშიროთ გადასასვლელი საფეხმავლო ესტაკადით, რათა ერთიანი სივრცე გაკეთდეს,”- განაცხადა ნარმანიამ 2015 წელს.