ახალი ამბები

4 ოპოზიციური პარტია ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივ წერილს უგზავნის

26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივ წერილს უგზავნიან.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მოახლოებული დისკუსიის გათვალისწინებით, გვსურს გაგიზიაროთ პროევროპული ოპოზიციური პარტიების პოზიცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. წინასწარი შედეგებისა და დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე, ამ ოთხმა პარტიამ ერთობლივად მიიღო ხალხის ხმების 52%, არჩევნები რომ თავისუფალი და სამართლიანი ყოფილიყო“, – აღნიშნულია წერილში.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გამაერთიანებელი ხედვა საქართველოსთვის, რომელიც წარმოადგენს საერთო მისწრაფებას ქვეყანა დაბრუნდეს ევროპაში მთლიანი და თავისუფალი.

„თუმცა, 26 ოქტომბრის არჩევნებმა გადაულახავი დაბრკოლება შექმნა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ასახულ ფუნდამენტურ პრინციპებს. საარჩევნო გაყალბებისა და მანიპულაციების მასშტაბები უპრეცედენტო იყო. Edison Research-ისა და HarrisX-ის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ეგზიტპოლები, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სანდო ანგარიშები და სტატისტიკური ანალიზი ცხადყოფს სერიოზულ ჩარევას არჩევნებში: საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დოკუმენტირებული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 120 000-ზე მეტი შემთხვევა, დაფიქსირდა თაღლითური იდენტიფიკაციის პრაქტიკის 15 000-ზე მეტი შემთხვევა, ამომრჩეველთა სიების ანალიზის შედეგად გამოვლინდა პირადობის პოტენციური ქურდობის დაახლოებით 50 000 შემთხვევა, საარჩევნო კომისიის წევრების 82%-ს პირდაპირი კავშირი ჰქონდა მმართველ პარტიასთან, 2500-ზე მეტი ნამდვილი დამკვირვებლისთვის სისტემატური დაბრკოლების შექმნა საარჩევნო უბნებზე, უნებართვო ვიდეოთვალთვალი საარჩევნო უბნების 60%-ში, რაც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს“, – აღნიშნულია წერილში.

იტვირთბა....