აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ჩაიშალა. ე.წ.-მა დეპუტატმა ერიკ რშტუნიმ განაცხადა, რომ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი საკითხის დღის წესრიგში შეტანას და სესია არ შედგა.
ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ – რომლის განხილვაც დღეისთვის იყო დაგეგმილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ხალხი დილიდან იკრიბებოდა, რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით. ისმოდა შეძახილები: არ გაყიდოთ ქვეყანა, არ ჩაიდინოთ ღალატი. ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილების კოლონა ჩააყენეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა მანამდე აცხადებდა, რომ ე.წ. დეპუტატების ჯგუფი სპიკერისგან მოითხოვდა რატიფიცირების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო. საკითხის გადაწყვეტამდე მომიტინგეები დაშლას არ გეგმავდნენ.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად თვლის. ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.