„ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ”, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის წინ 11 ნოემბერს გამართულ აქციაზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა განაცხადა.
მან ქართულ საზოგადოებას შემართებისკენ მოუწოდა, უპასუხა მმართველი გუნდის განცხადებებს ევროპელ ლიდერებზე და აღნიშნა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია რუსული იმპერიალიზმია, რომელიც საფრთხეს უქადის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
გთავაზობთ მისი გამოსვლიდან ამონარიდებს:
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ თბილისში დავბრუნდით – ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. გვსიამოვნებს თქვენი სტუმარმასპინძლობა და რეალურად ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი თქვენ ქვეყანაში, მთავრობაში, მმართველ პარტიაში დიდად არ არიან კმაყოფილები ჩვენი ვიზიტით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები – ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს – ეს არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ვერევით თქვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არის ჩარევა? ჩარევაა, როცა თქვენი სახელმწიფოს პრეზიდენტს ვხვდებით? მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად, თქვენი ქვეყნის ნათელი და ამაყი მომავლისთვის. ჩარევას ვეძახით, როცა თქვენ გხვდებით – ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვით ევროპული ღირებულებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის? ეს არ არის ჩარევა, ეს არის ერთიანი მომავალი გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომ ვართ დღეს აქ – გვინდა მოგიწოდოთ, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ – ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ.
სრულად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს „გლობალურ ომის პარტიას”. დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია ნამდვილად არსებობს და ის გახლავთ საფრთხე არა თქვენთვის, ამაყი ქართველებისთვის, არამედ გლობალური ომის პარტია გახლავთ საფრთხე ჩვენი ბალტიელი მეგობრებისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, სკანდინავიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის – ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, რუსული იმპერიალიზმი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ჩვენი მეგობრები უკრაინაში არ გაიმარჯვებენ როგორც თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა, თქვენ იქნებით შემდეგი, მოლდოვა იქნება შემდეგი, სომხეთი იქნება შემდეგი, ჩვენი პოლონელი მეგობრები იქნებიან შემდეგი, ბალტიელი მეგობრები იქნებიან შემდეგი… ჩვენ ვიბრძვით რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და თქვენ ჩვენთან ერთად ხართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ ევროკავშირი გადავრჩებით… თქვენი იმედი მაქვს…
მე თქვენი იმედი მაქვს. შეიძლება, ეს იყოს ჩემი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, რადგან ვაპირებ, პოლიტიკას გამოვეთიშო. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ დავბრუნდე, როგორც საქართველოს მეგობარი. ამ შავბნელ დროს, მინდა, მოგახსენოთ, რომ მიზანი მიღწეულია – დემოკრატია ცოცხალია არა მმართველი პარტიის, არამედ თქვენი წყალობით. თუმცა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ დემოკრატიაში ჩვენ არასდროს უნდა ვთქვათ მიზანი მიღწეულია. ეს უსასრულო პროექტია. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს უნივერსიტეტებში, ბიზნესში, ოჯახებში, პოლიტიკაში – ამიტომ მინდა გითხრათ ეს სიტყვები – არ დაიხიოთ უკან. ჩვენ თქვენთან ვართ. გთხოვთ, გადადგით გადამწყვეტი ნაბიჯი გაერთიანებული ევროპისკენ. ჩვენ გვჭირდებით. თქვენი ადგილი ევროპის გულშია“, – განაცხადა როთმა.